ორსულობის ნიშნები მოზარდებში
ორსულობის ტესტები
ხართ თუ არა მზად დედობისათვის?
ცხოვრების წესი და კვება ორსულობის დროს
როგორ მიმდინარეობს ორსულობა ვადების მიხედვით
მშობიარობა
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ორსულობის ადრეული ნიშნები მოზარდებში
გოგონას, რომელიც სქესობრივად უკვე მომწიფებულია, ბუნებრივია, დაორსულების დიდი შანსი აქვს. მოზარდთა ორსულობის ნიშნები დიდად არ განსხვავდება იმ ნიშნებისაგან, რომლებიც ზრდასრულ ქალებს ახასიათებთ, თუმცა ასეთმა ნიშნებმა შესაძლოა სულ სხვა მიზეზითაც იჩინოს თავი. მაგალითად, თუ მოზარდი უჩვეულოდ დაძაბული და აქტიურია, მას შეიძლება ორსულობისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი გამოაჩნდეს. ამდენად, საჭიროა, ამ ნიშნების გაჩენისთანავე გავარკვიოთ მათი მიზეზი.
მოზარდთა ორსულობის ადრეული ნიშნები და სიმპტომებია:
- გამოტოვებული თვიური;
- გულისრევა და პირღებინება;
- ხშირი შარდვა;
- მკერდის სისავსე და გაღიზიანება;
- დაღლილობა;
- მადის ცვალებადობა;
- ძილიანობა.
მოზარდობის პერიოდში თვიურის დაგვიანებას, დაღლილობას, განწყობილებისა და მადის ცვალებადობას სტრესიც იწვევს.
არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი მოზარდობის პერიოდისთვის, განსაკუთრებით _ მისი საწყისი ფაზისთვის, ფიზიოლოგიური თავისებურებაა, მაგრამ თუ დაორსულების ალბათობა არსებობს, ამ ნიშნის უყურადღებოდ დატოვებას მაინც არ გირჩევთ. სჯობს, დროულად დაადგინოთ მისი მიზეზი.
ორსულობის გვიანდელი ნიშნები მოზარდებში
ორსულობის მიმდინარეობასთან ერთად ნიშნები უფრო აშკარა ხდება და მათი შეუმჩნევლობა ძნელია.
- ეს ნიშნებია:მუცლის ზრდა;
- წონის მატება;
- ზურგისა და თავის ტკივილები;
- ნაყოფის მოძრაობა;
- ორსულის გამომეტყველება;
- მადის გაძლიერება.
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ამგვარი ნიშნები გამოაჩნდა, დარეკეთ ??? და მიიღეთ უფასო და კონფიდენციალური დახმარება.
როგორ დავრწმუნდეთ ორსულობაში?
ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები იმაზე მიანიშნებს, რომ მოზარდი შეიძლება ორსულად იყოს, მაგრამ დანამდვილებით ამის თქმა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ორსულობის დასადასტურებლად ექიმთან მისვლამდე ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი.
ორსულობის ტესტები
ორსულობის პირველი ნიშანი, ჩვეულებრივ, რეგულარული მენსტრუაციული ციკლის ფონზე მენსტრუაციის შეწყვეტაა, თუმცა ამჟამად უამრავი სახის ტესტი არსებობს, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ დააზუსტოთ, ორსულად ხართ თუ არა.
ორსულობის ტესტები შარდში ან სისხლში იმ ჰორმონს აღმოაჩენს, რომელიც მხოლოდ მაშინ გამომუშავდება, როცა ქალი ორსულადაა. ამ ჰორმონს ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინს (ჰჩG) ან ორსულობის ჰორმონს უწოდებენ.
რა განსხვავებაა შარდისა და სისხლის ტესტებს შორის და რომელი სჯობია?
არსებობს ორსულობის ორი სახის ტესტი – შარდის და სისხლის. ორივე ჰჩG-ს _ ორსულობის ჰორმონის აღმოჩენისთვის არის გამიზნული. დღეს ქალების უმრავლესობა ორსულობის დასადგენად შარდის ანუ შინაურ ტესტებს (HPT) ანიჭებს უპირატესობას. ეს ტესტები ძვირი არ ღირს, ადვილი მოსახმარია და მათი გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებში. როდესაც შინაური ტესტირების შედეგი დადებითია, ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს. ამ ტესტის შედეგს ექიმი სისხლის ტესტის და გასინჯვის საფუძველზე დაადასტურებს ან უარყოფს. სამედიცინო დაწესებულებები სისხლის ტესტის ორ სახეობას იყენებენ: რაოდენობრივსა და ხარისხობრივს. რაოდენობრივი ან ბეტა HCG ტესტი, რომელიც სისხლში HCG-ის ზუსტ რაოდენობას აჩვენებს, გაცილებით სანდოა _ ის ჰორმონს მაშინაც კი აღმოაჩენს, როცა მისი ოდენობა სისხლში მეტისმეტად მცირეა. სწორედ ეს განაპირობებს ბეტა ტესტის სიზუსტეს. HCG-ის ხარისხობრივი ტესტი კი მარტივ დადებით ან უარყოფით პასუხს იძლევა. სიზუსტის თვალსაზრისით ის შარდის ტესტის ტოლფასია. სისხლის ტესტს HCG-ის აღმოჩენა ორსულობის უფრო ადრეულ ვადაზე შეუძლია, ვიდრე შარდისას. სახელდობრ, მისი მეშვეობით ორსულობის დადგენა ოვულაციიდან 6-8 დღეშია შესაძლებელი, შარდის ტესტი კი ორსულობას ოვულაციიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ აჩვენებს.
გირჩევთ
- ყოველთვის შეამოწმეთ ტესტის შეფუთვა, რათა დარწმუნდეთ, რომ მას ვარგისობის ვადა არ გასვლია – თუ ტესტი ვადაგასულია, მისი შედეგი სარწმუნო არ იქნება.
- ტესტი ზუსტ შედეგს უფრო იოლად აჩვენებს, თუ მას თვიურის დაწყების დროისთვის (ოვულაციიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ) ჩაიტარებთ. უარყოფითი შედეგი იმ შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ, თუ ორსულად არ ხართ ან ოვულაცია უფრო გვიან მოხდა, ვიდრე თქვენ გეგონათ.
- თუ თვითტესტირების შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა, ტესტი რამდენიმე დღეში ან 1 კვირაში გაიმეორეთ _ შესაძლოა, პირველი ტესტირებისას შარდში ჰჩG ჰორმონის ოდენობა საკმარისი არ იყოს იმისთვის, რომ ტესტმა იგი აღმოაჩინოს. თუ შედეგი ისევ უარყოფითი გამოდგა, მაგრამ მაინც გგონიათ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ გინეკოლოგს.
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი თვითტესტირების სიზუსტეს?
- წამლების უმეტესობა შარდის ტესტის შედეგზე გავლენას არ ახდენს.
- ტესტის მცდარი დადებითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ იმ პრეპარატებმა, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ჰჩG ჰორმონი (იგულისხმება შემთხვევა, როდესაც ტესტის შედეგი დადებითია, თქვენ კი დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ორსულად არ ხართ).
- ალკოჰოლი და ნარკოტიკები შარდის ტესტის შედეგზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ თუ დაორსულება გსურთ, ამ ნივთიერებების გამოყენება სასურველი არ არის.
ორსულობის ტესტების უმეტესობა სანდოა _ მათი სიზუსტე 99%-მდე აღწევს, მაგრამ პრაქტიკაში ეს მაჩვენებელი ყოველთვის ერთნაირი არ არის. თუკი ტესტი სწორად არ ჩატარდა, მისი შედეგი ნაკლებად სარწმუნო იქნება. ასე რომ, ორსულობის დასადასტურებლად გინეკოლოგთან მისვლა მაინც აუცილებელია, თანაც რაც შეიძლება მალე. სათანადო კვლიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალს შეუძლია, გასინჯვისა და სხვა პროცედურების (ულტრაბგერითი გამოკვლევის) მეშვეობით ორსულობის დამატებითი ნიშნები და სიმპტომები გამოავლინოს. საშვილოსნოს ზომისა და ფორმის შეცვლა, საშვილოსნოს ყელის ცვლილებები და ნაყოფის გულისცემა და მოძრაობაც მათი ნაწილია. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, განურჩევლად იმისა, აბორტის გაკეთებას აპირებთ თუ ბავშვის გაჩენა გაქვთ გადაწყვეტილი.
ხართ თუ არა მზად დედობისათვის?
დედობა ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც კი ბუნებას ქალისათვის უბოძებია, თუმცა მოზარდი, რომელსაც ჯერ კარგად არც კი აქვს გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობაა დედობა, დაუგეგმავმა ორსულობამ შეიძლება დააბნიოს და შეაშინოს _ იოლი გადასაწყვეტი როდია, შეინარჩუნოთ თუ არა ბავშვი... ასე რომ, თუ დაორსულების რისკი არსებობს, კარგად უნდა დაფიქრდეთ, მზად ხართ თუ არა ამისთვის, გაითვალისწინოთ თქვენი სამომავლო გეგმები, მორალური თუ ფინანსური სირთულეები, რომლებიც ბავშვის აღზრდას სდევს თან. თუ დაორსულებას მაინც გადაწყევტთ, გაითვალისწინეთ: ორსულობის პირველივე დღეებიდან საჭიროა სათანადო მეთვალყურეობა, რათა არც მას და არც ბავშვის სიცოცხლესა და ჯანრმთელობას საფრთხე არ დაემუქროს.
ნებისმიერმა მოზარდმა, რომელიც ორსულად არის ან ჰგონია, რომ ორსულად არის, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს. განსაკუთრებით _ თუ გოგონა ჯერ არ არის 16 წლის. რა თქმა უნდა, ამ ასაკშიც შეიძლება, ორსულობა წარმატებით დასრულდეს, მაგრამ ჯანმრთელობის თვალსაზრისით ბავშვის გაჩენისთვის საუკეთესო პერიოდი 20-დან 35 წლამდე ასაკია (მოზარდთა ორსულობაზეა საუბრისას გულისხმობენ 20 წლამდე ასაკის ქალებს).
თანამედროვე გოგონებს შორის გახშირდა ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირები, რაც, ბუნებრივია, დაუცველ ორსულობათა რისკსაც ზრდის. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, სქესობრივი აქტივობის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში ყოველი 100 ასეთი კავშირიდან 50 ორსულობით სრულდება, ამათგან მეხუთედი _ პირველი თვის განმავლობაში.
სასარგებლო ინფორმაცია
- რა თქმა უნდა, 20 წლამდე ასაკის გოგონას, სავსებით შესაძლებელია, ნორმალური ორსულობა ჰქონდეს და ჯანრმთელი ბავშვიც შვას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორსულობისა და მშობიარობის გართულებებით 15-დან 19 წლამდე ასაკის ქალების სიკვდილიანობა 20-30 წლის ქალებთან შედარებით 2-ჯერ უფრო მაღალია, ხოლო 15 წლამდე ასაკის გოგონებისა – 5-ჯერ.
- ორგანიზმის უმწიფრობის გამო მოზარდ გოგონებს შორის სიკვდილიანობაზე გაცილებით ხშირია სამშობიარო ტრავმა და ინფიცირება, რაც შემდგომში მათი ინვალიდობის მიზეზად იქცევა.
- მოზარდ ასაკში დიდია ნაადრევი მშობიარობის საშიშროება.
- მოზარდთა შვილების სიკვდილიანობა 1 წლამდე ასაკში 1,5-ჯერ აღემატება ზრდასრული ქალების ბავშვთა სიკვდილიანობას.
- დროის ნაკლებობის გამო ან გასუქების შიშით მოზარდები ხშირად არასწორად იკვებებიან, ესკი, ბუნებრივია, უფრო მეტად ზრდის ორსულობის გართულებათა რისკს.
- მოზარდებს, რომელთაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ, უფრო მაღალი აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (ქლამიდიოზი, გონორეა, ვენერული კოჟრები, B ჰეპატიტი, აივი) დასნებოვნების ალბათობა.
- სიგარეტი, ალკოჰოლი და ნარკოტიკი, რომლებიც მოზარდთა სოციალური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ნაყოფის განვითარებას და ორსულის ჯანმრთელობას.
- ორსულ მოზარდებს შორის უფრო მეტად არის გავრცელებული ანემია, რაც რკინის მზარდი მოთხოვნილების შედეგია.
- მოზარდ ასაკში ორსულობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს განათლებას და საგრძნობლად შეცვალოს სამომავლო გეგმები.
- მოზარდ ასაკში ორსულობა და დედობა განსაკუთრებით რთულია, რადგან ამ ასაკის გოგონებს უჭირთ ბავშვისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე სრულყოფილად ზრუნვა. თუ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, გაესაუბრეთ პარტნიორს, მშობლებს და ახლო მეგობრებს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფასო და კონფიდენციალური დახმარება ჩვენ საინფორმაციო ცენტრებში ან კითხოთ ექსპერტს.
ცხოვრების წესი და კვება ორსულობის დროს
თუ მოზარდი დაორსულებას გადაწყევეტს, ამისთვის რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიწყოს მზადება: შეწყვიტოს თამბაქოს წევა, ალკოჰოლის მიღება, ერიდოს ცხიმიანი საკვებსა და ტკბილეულს. მის რაციონში უხვად უნდა იყოს ფოლიუმის მჟავას შემცველი სურსათი. გარდა ამისა, გახსოვდეთ: არა მარტო ორსულობისას, არამედ ორსულობამდეც კარგი ფიზიკური ფორმა უნდა შეინარჩუნოთ.
რას ნიშნავს ორსულობისთვის მომზადება
გამოკვლევები დაორსულებამდე
როდესაც დაორსულებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს და მის მიერ დანიშნული ყველა გამოკვლევა ჩაიტარეთ. ამგვარად თქვენ და თქვენი პატარა მრავალ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან.
ფოლიუმის მჟავას მიღება
ფოლიუმის მჟავა B ჯგუფის ვიტამინია. იგი თანდაყოლილი დეფექტების (ზურგის ტვინისა და ტვინის ქსოვილის დაზიანებათა) თავიდან აცილების მიზნით ინიშნება. ფოლიუმის მჟავას დღიური ნორმა 400 მიკროგრამია.
ცხოვრების ჯანსაღი წესი
შეწყვიტეთ თამბაქოს წევა. მწეველი ქალის ორგანიზმში ნაყოფის ზრდა-განვითარება ფერხდება, შესაბამისად, ბავშვიც პატარა და მცირე წონისა იბადება, ნაადრევად დაბადებულ ან მცირე წონის ახალშობილს კი ჯანმრთელობის თვალსაზრისით უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ნორმალურად განვითარებულს. თუ მწეველი ხართ, ახლა საუკეთესო დროა, თამბაქოს თავი დაანებოთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთეა, რაც შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს პატარას და საკუთარ თავს.
თავი ანებეთ ალკოჰოლის მოხმარებას. როდესაც ალკოჰოლიან სასმელს იღებთ, თქვენი პატარაც იმავეს აკეთებს. ორსულობისას ალკოჰოლის უსაფრთხო ოდენობა არ არსებობს. უმნიშვნელო ულუფაც კი საშიშია.
ნებისმიერი პრეპარატის მიღება, არ აქვს მნიშვნელობა, ასპირინი იქნება ეს, ხველების საწინააღმდეგო სუსპენზია, მცენარეული თუ შინ დამზადებული, აუცილებლად შეუთანხმეთ თქვენს ექიმს.
შეწყვიტეთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. როცა ორსული ნარკოტიკს მოიხმარს, ნაყოფს შეიძლება ინსულტი (თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა) დაემართოს ან დაიღუპოს. ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება კი ახალშობილში ნარკოტიკისადმი დამოკიდებულების სიმპტომის განვითარებას იწვევს.
ვარჯიში. სიარული საუკეთესო ვარჯიშია თქვენთვის და თქვენი პატარასთვის და ორსულობის ნებისმიერ პერიოდში (ტრიმესტრში) გახლავთ დასაშვები, მაგრამ თუ ორსულობამდე არ ვარჯიშობდით, ესე იგი, თუ თქვენი ორგანიზმი მიუჩვეველია ფიზიკურ დატვირთვას, ახლა აქტიური ვარჯიშის დრო ნამდვილად არ არის. ნებისმიერი სავარჯიშო პროგრამა დაწყებამდე თქვენს ექიმს შეუთანხმეთ.
დასვენება. სრულფასოვანი (8-9 საათი მაინც) ძილი და სიმშვიდე ორსულისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ქალი საუკეთესო `ინკუბატორია~ ნაყოფისთვის. როდესაც ორსული მოწესრიგებული რეჟიმით ცხოვრობს, ნერვებს არ ჰყვება, ითვალისწინებს ექიმის რჩევებს, მისი პატარას ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
სტრესთან ბრძოლა და მისი შემცირება. ეცადეთ, არ ინერვიულოთ. ყველა უსიამოვნებას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თქვენ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება. იფიქრეთ თქვენს პატარაზე. ორსულობისას მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდეთ თავს და საკუთარ და შვილის ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.
შეამცირეთ კოფეინის ოდენობა. კოფეინს შეიცავს ყავა, ჩაი, კოკა-კოლა და შოკოლადი. შესნიშნავი იქნება, თუ ორსულობისას ამ ნივთიერების ოდენობას შეამცირებთ. ნებადართული დღიური ულუფა 300 მგ-ია. ზედმეტი ყავის ან კოკა-კოლას ნაცვლად ეცადეთ წყალი ან სხვა ისეთი სასმელი სვათ, რომელიც კოფეინს არ შეიცავს.
ორსულის კვება
ორსული საკვებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, ბავშვისთვისაც იღებს. თქვენი პატარა იმით ცოცხლობს, რითაც თქვენ იკვებებით. ამიტომ ცილები, ვიტამინები, მინერალები და კალორიები საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ. ეს თქვენც გჭირდებათ და ბავშვსაც. თუ დიაბეტი გაქვთ, თქვენს ექიმს მიმართეთ. იგი შესაბამის დიეტას დაგინიშნავთ.
ორსულის კვების დღიური რაციონი
რძე და რძის ნაწარმი
რძე და მისი ნაწარმი (ხაჭო, ყველი, იოგურტი) ორგანიზმს კალციუმით, ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს. ეს ყველაფერი თქვენი პატარას ჯანმრთელობისთვის, მისი ძვლებისა და კბილების კარგი განვითარებისთვის არის საჭირო.
კარგია სოიის რძეც.
ცილოვანი პროდუქტები
მჭლე ხორცი, ქათამი, თევზი, მიწის თხილის (არაქისის) კარაქი ცილებით მდიდარი საკვებია, რომელიც დედისა და ნაყოფის ქსოვილთა ზრდისა და განვითარებისთვის არის აუცილებელი. აკონტროლეთ თქვენი რაციონი. არ მიიღოთ ნებადართულზე მეტი. ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული ოკეანის თევზი, რადგან მისი ზოგიერთი სახეობა დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს შეიცავს.
ხილი და ბოსტნეული
ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მარწყვი, ნესვი, პომიდორი, ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო ჩ ვიტამინს შეიცავს, ისპანახი, მწვანე სალათა, ტკბილი კარტოფილი, სტაფილო კი A ვიტამინითა და მინერალებით გახლავთ მდიდარი.
ხილ-ბოსტნეულის ყოველდღიური მიღება საგრძნობლად ამცირებს შეკრულობისა და ბუასილის რისკს.
მარცვლეული, ფქვილეული
პური, ბრინჯი, მაკარონი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით და ენერგიის წყაროს წარმოადგენს, ენერგია კი თქვენი პატარას განვითარებისთვის უდავოდ საჭიროა. ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი საუკეთესოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
წყალი
ყოველდღე მიიღეთ 8-10 ჭიქა სითხე. წყალი, რძე, ხილისა და ბოსტნეულის წვენი და უკოფეინო ჩაი შესანიშნავი არჩევანია.
რკინა
რკინა სისხლისთვის აუცილებელი კომპონენეტია. ორსულისთვის საჭირო რაოდენობის რკინა საკვებში შესაძლოა არ იყოს, ამიტომ რეკომენდებულია, დამატებით მიიღოთ რკინის შემცველი ვიტამინების კომპლექსი. თქვენი ექიმი ზუსტად განსაზღვრავს, რა ოდენობის რკინის მიღებაა თქვენთვის მიზანშეწონილი.
როგორია წონის მატების დასაშვები ნორმა ორსულობის დროს?
ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ორსულის წონაში მატების შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ გახსოვდეთ, თუ მეტისმეტად მოიმატებთ, ორსულობის შემდგომი აღდგენითი პროცესი რთული იქნება. იდეალურია, როცა ქალი ორსულობის პერიოდში 12-დან 15 კილოგრამამდე იმატებს.
ნურასოდეს ეცდებით ორსულობისას წონის დაკლებას. ამით შესაძლოა თქვენს პატარას ავნოთ.
სქესობრივი ურთიერთობა
ორსულობის დროს სქესობრივი ურთიერთობა აკრძალული არ არის, ოღონდ ერიდეთ მეტისმეტ აქტიურობას, ბოლო თვეებში კი, საერთოდ, სქესობრივ კონტაქტს. ორსულობა ქალის სექსუალურ მოთხოვნილებას ცვლის: ზოგ შემთხვევაში იგი იზრდება, ზოგ შემთხვევაში იკლებს. როგორც არ უნდა იყოს, თავს ძალას ნუ დაატანთ.
სქესობრივი ურთიერთობა დაუშვებელია, თუ ქალს აღენიშნება:
- სისხლიანი გამონადენი;
- სანაყოფე სითხის გამოდინება;
- ნაადრევი მშობიარობის ნიშნები.
მგზავრობა ორსულობის დროს
ორსულობისას მგზავრობა უკუნაჩვენები არ არის, თუმცა, რაღა თქმა უნდა, უსაფრთხოებას ერთიორად მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
მანაქანით მგზავრობისას აუცილებლად გამოიყენეთ უსაფრთხოების ღვედი. ეცადეთ, ორსულობის ბოლო თვეებში არ მიუჯდეთ საჭეს.
მატარებელში მგზავრობისას რეკომენდებული არ არის ზედა თაროზე ძილი.
თვითმფრინავით მგზავრობისას ეცადეთ მიიღოთ 1-1,5 ლიტრი სითხე, უმჯობესია, ჩვეულებრივი წყალი. ყოველ 2 საათში ერთხელ ადექით და სალონში გაიარ-გამოიარეთ. უმჯობესია, გეცვათ სპორტული, კომფორტული ფეხსაცმელი ან ფეხზე საერთოდ გაიხადოთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულის მოვლა და მეთვალყურეობა?
არის შემთხვევები, როცა მშობიარობა ვადაზე ადრე იწყება (ნაადრევი მშობიარობა). ასეთ დროს ბავშვი პატარა, მცირე წონისა იბადება. ზოგიერთი პაწიას წონა დაბადებისას 2500 გრამზე ნაკლებიც კია. ასეთ ახალშობილებს შესაძლოა მხედველობის, სმენის ან სუნთქვის დარღვევები გამოაჩნდეთ, ამან კი, თავის მხრივ, მათ განვითარებაზე იმოქმედოს.
საფრთხე შეიძლება თქვენს ჯანმრთელობასაც დაემუქროს. მაგალითად, პლაცენტა არასწორად მდებარეობდეს, წნევამ აგიწიოთ და ა.შ.
ამრიგად, როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, დაიზღვიეთ თავი მრავალი გართულებისგან და ქვეყნიერებას კიდევ ერთი ჯანმრთელი, ლამაზი პატარა აჩუქეთ.
რას მოიცავს ქალთა კონსულტაცია ორსულობის დროს?
ორსულობისას ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ყველა ცვლილება მომავალი პატარას სასიკეთოდ ხდება. ამ ცვლილებებს არ სჭირდება მკურნალობა, მაგრამ აუცილებელია დაკვირვება, რათა ნორმალური ცვლილებები პათოლოგიურში არ გადაიზარდოს. მოდით, თვალი გადავავლოთ იმ აუცილებელ გამოკვლევათა ნუსხას, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უფასოა და ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს.
ორსულობის განმავლობაში ექიმთან 4 აუცილებელი ვიზიტი გეკუთვნით. ეს ვიზიტები უფასოა და, აქედან გამომდინარე, ყველასთვის ხელმისაწვდომი. როდესაც ორსულობა ნორმალურად (ფიზიოლოგიურად) მიმდინარეობს, ნორმალური მშობიარობისთვის ქალის მოსამზადებლად ეს ოთხი ვიზიტი სავსებით საკმარისია. თუ თქვენ, თქვენმა ახლობელმა ან ექიმმა შეამჩნიეთ, რომ ორსულობა ნორმალური მიმდინარეობიდან გადაიხარა, დამატებითი კონსულტაციის მიღება მოგიხდებათ.
4 ვიზიტი ორსულობის განმავლობაში ასე ნაწილდება:
I ვიზიტი _ ორსულობის მე-12/13 კვირას
II ვიზიტი _ ორსულობის მე-18/22-ე კვირას
III ვიზიტი _ ორსულობის 30/32-ე კვირას
IV ვიზიტი _ ორსულობის 36/38-ე კვირას
პირველი ვიზიტის დროს ექიმი ცხოვრების პირობების, ოჯახური მდგომარეობის, ბავშვობაში გადატანილი დაავადებების შესახებ გამოგკითხავთ. საჭიროების შემთხვევაში (თუ რისკფაქტორები არსებობს) ორსულს გზავნიან გენეტიკურ კონსულტაციაზე, უტარებენ სკრინინგს თანდაყოლილი სიმახინჯეების გამოსავლენად. თითოეული ვიზიტის დროს ექიმი ჩაგიტარებთ შესაბამის გამოკვლევას, მოგცემთ მნიშვნელოვან რჩევებს, რომლებიც ორსულობის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რეკომენდაციებს დაბალანსებული კვების შესახებ. ენდეთ თქვენს ექიმს. არ მოგერიდოთ _ ჰკითხეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ, სთხოვეთ ინფორმაცია იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც გაღელვებთ, განსაკუთრებით _ მედიკამენტების, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. თითოეული ვიზიტის დროს ექიმი თქვენი პატარას ზრდა-განვითარებასაც შეამოწმებს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.
თქვენი ექიმი მთელი ორსულობის განმავლობაში თქვენი საუკეთესო მრჩეველი და მეგობარია.
პირველ ვიზიტზე, რომელიც ორსულობის მე-12/13 კვირას უნდა განახორციელოთ (ეს მეტად მნიშნელოვანია!), თქვენ უფასოდ გეკუთვნით:
1. ექიმთან ვიზიტი;
2. სისხლის საერთო ანალიზი;
3. შარდის საერთო ანალიზი;
4. სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
5. საშოს ნაცხის გამოკვლევა;
6. სისხლის შემოწმება ათაშანგზე (ვასერმანის რეაქცია);
7. სისხლის შემოწმება შიდსზე;
II ვიზიტზე _ ორსულობის მე-18/22-ე კვირას:
1. ექიმთან ვიზიტი;
2. ექოსკოპია;
3. შაქრის განსაზღვრა სისხლში;
III ვიზიტზე _ ორსულობის 30/32-ე კვირას
1. ექიმთან ვიზიტი;
2. ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;
3. შარდში ცილის ოდენობის განსაზღვრა;
IV ვიზიტზე _ ორსულობის 36/38-ე კვირას:
1. ექიმთან ვიზიტი;
2. შარდში ცილის ოდენობის განსაზღვრა.
ამ კრებულის გამოსვლისას საქართველოში მოქმედებს ზემოთ ჩამოთვლილი უფასო ანალიზების ნუსხა. ვინაიდან ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ყოველწლიურად იცვლება (უმთავრესად იზრდება მათი მოცულობა), ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით დააზუსტეთ, თუ რომელი პროგრამა მოქმედებს ამჟამად.
კიდევ რომელი გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი?
გვინდა, თქვენი ყურადღება კიდევ რამდენიმე გარემოებაზე შევაჩეროთ. საქართველო იოდდეფიციტის (იოდის უკმარისობის) ენდემურ კერად ითვლება, იოდის ნაკლებობა კი, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს როგორც დედის, ასევე მომავალი ბავშვის ჯამრთელობაზე. აქედან გამომდინარე:
აუცილებლად შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და იოდის ოდენობა ორგანიზმში.
უმჯობესია, ეს დაორსულებამდე გააკეთოთ, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა, ორსულობის პირველი ტრიმესტრი საუკეთესო დროა ამ ანალიზების ჩასატარებლად.
საქართველოში მეტად გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია (ზოგიერთ რეგიონში მისი მაჩვენებელი 70-75%-საც კი აღწევს), ამიტომ გირჩევთ, თვეში ერთხელ შეიმოწმოთ სისხლში ჰემოგლობინის (HB) დონე, რათა ანემია დროულად აღმოაჩინოთ და მანამდე უმკურნალოთ, ვიდრე ის ზიანს მიაყენებს თქვენსა და თქვენი შვილის ჯანმრთელობას.
როგორ მიმდინარეობს ორსულობა ვადების მიხედვით?
პირველი ტრიმესტრი
ორსულობის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობა და ექიმის კონსულტაცია ადრეული პერიოდიდანვეა სასურველი. სწორედ პირველ თვეებში ყალიბდება ნაყოფის ორგანოები, ამიტომ სწორი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. ასევე აუცილებელია ფოლიუმის მჟავას (400 მგ) მიღება ორსულობის მე-12/13 კვირამდე.
შეასრულეთ ექიმის ყველა მითითება, იკვებეთ გონივრულად და აკონტროლეთ თქვენი წონა.
პირველი ტრიმესტრი
როგორ იზრდება ბავშვი
პირველი თვე
• თქვენი პატარა სულ 6 მილიმეტრია.
• სანაყოფე პარკიდან ყალიბდება ზედა და ქვედა კიდურები (ხელები და ფეხები)
• ჩამოყალიბებას იწყებს გული და ფილტვები. 22-ე დღეს გული იწყებს ფეთქვას.
• ფორმირებას იწყებს ნერვული მილი, რომლისგანაც წარმოიქმნება ტვინი და ზურგის ტვინი.
მეორე თვე
• თქვენი პატარას სიგრძე უკვე 25 მილიმეტრია, ხოლო წონა _ 9 გრამზე ნაკლები.
• ყველა ძირითადი, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ორგანო უკვე ფორმირებულია, მაგრამ სრულად ჯერ არ არის განვითარებული.
• პლაცენტის ვიზუალიზაცია შესაძლებელია. იგი ფუნქციონირებს და მისი საშუალებით ნაყოფი იღებს საჭირო ნივთიერებებს და იცილებს ცვლის პროდუქტებს.
• ხდება ყურების, კოჭებისა და მაჯების ფორმირება. ქუთუთოები ყალიბდება და იზრდება, მაგრამ არ ხდება მათი განცალკევება.
• ყალიბდება ფეხისა და ხელის თითები.
მესამე თვე
• თქვენი პატარას სიგრძე 63-76 მმ-ია, წონით კი 28 გრამს იწონის.
• ფეხისა და ხელის თითებზე ჩნდება ფრჩხილების ადგილის ჩანასახები.
• პირის ღრუში წარმოიქმნება 20 ჩანასახი, საიდანაც მომავალში ბავშვის კბილები გაიზრდება.
• ბავშვის კანზე თხელი თმა იწყებს განვითარებას.
• მე-10-12 კვირას შეგიძლიათ, პირველად მოისმინოთ თქვენი შვილის გულისცემა სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით.
• ორსულობის ბოლომდე ყველა ორგანო განაგრძობს განვითარებას და მომწიფებას და თქვენი პატარა წონაში მატებას დაიწყებს.
პირველი ტრიმესტრი
თქვენი სხეული
პირველი თვე
• თქვენი ორგანიზმი წარმოქმნის მრავალ ჰორმონს, რომლებიც საჭიროა ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის.
• მკერდი იზრდება, იჭიმება და ჩნდება დისკომფორტის შეგრძნება.
• დილით (გაღვიძებისას) გაწუხებთ დისკომფორტი (გულისრევა)
• შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნება.
მეორე თვე
• მკერდი ზომაში იმატებს და დაჭიმულია.
• არეოლა მუქდება.
• შარდვა გახშირებულია, რაც შარდის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლით არის გამოწვეული.
• დილაობით დისკომფორტის შეგრძნება გაწუხებთ.
• გეუფლებათ მოთენთილობა და ძილიანობა.
• ორგანიზმის სისხლის საერთო მოცულობა იზრდება.
მესამე თვე
• შეიძლება გაგრძელდეს დაღლილობა, საერთო სისუსტე და დილის დისკომფორტი.
• შესაძლოა, გაწუხებდეთ თავის ტკივილი, თავბრუხვევა. თუ ეს სიმპტომები გაგრძელდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
• ამ დროისთვის შეიძლება 1-2 კილოგრამით მოიმატოთ.
• ტანსაცმელი, რომელსაც აქამდე ატარებდით, შეიძლება მჭიდროდ გქონდეთ. საჭიროა უფრო განიერი, ხალვათი სამოსის ტარება.
როგორ უნდა მოიქცეთ
• თვეში ერთხელ ეწვიეთ თქვენს ექიმს.
• ორსულობის მე-12/13 კვირამდე ყოველდღე მიიღეთ 400 მგ ფოლიუმის მჟავა.
• ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. არ მიიღოთ არავითარი (თუნდაც მცენარეული) მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე.
• შეწყვიტეთ (თუ აქამდე ეტანებოდით) ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მიღება, თამბაქოს წევა.
მეორე ტრიმესტრი
ორსულობის მეოთხე თვეს ნაყოფის ორგანოები უკვე ფორმირებულია და ფუნქციონირებაც აქვს დაწყებული. ბავშვის ზრდასთან ერთად ეს ორგანოებიც ვითარდება. მეორე ტრიმესტრში ექიმთან ვიზიტის დროს უკვე შეგეძლებათ, მოისმინოთ თქვენი პატარას გულისცემა (სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით ან ექოსკოპიურად). ეს საოცარი გრძნობაა: თქვენ მთელი სიცხადით აღიქვამთ, რომ სხეულით ახალ სიცოცხლეს ატარებთ. მალე ნაყოფის მოძრაობასაც შეიგრძნობთ.
როგორ იზრდება ბავშვი
მეორე ტრიმესტრი
მეოთხე თვე
• თქვენი პატარას სიგრძე 15-17 სანტიმეტრია.
• ბავშვი მოძრაობს და აქვს ყლაპვის უნარი.
• კანი ვარდისფერი და გამჭვირვალეა.
• ჭიპლარის საშუალებით ბავშვს დედისგან საკვები ნივთიერებები მიეწოდება, მაგრამ იმავე გზით მის ორგანიზმში ხვდება ტოქსინებიც (ალკოჰოლი, ნიკოტინი და სხვა).
მეხუთე თვე
• თქვენი პატარას სიგრძე 25 სმ-ია და 226-450 გრამს იწონის
• ბავშვი უფრო აქტიური ხდება, ბრუნავს ერთი გვერდიდან მეორეზე.
• შესაძლებელია თითის ანაბეჭდების ვიზუალიზაცია.
• იღვიძებს და იძინებს რეგულარული ინტერვალებით.
• ამ თვის განმავლობაში თქვენი პატარა ძალიან სწრაფად იზრდება
მეექვსე თვე
• თქვენი პატარას სიგრძე უკვე 31 სმ-ია, ხოლო წონა _ 900 გრამი.
• კანი მოწითალოა, დანაოჭებულია და დაფარულია თხელი თმით (ღინღლით)
• ქუთუთოები განცალკევდება და პატარას შეუძლია, თვალები გაახილოს.
• ბავშვი განაგრძობს სწრაფ ზრდას.
თქვენი სხეული
მეოთხე თვე
• თქვენ მადა გიბრუნდებათ, დილის დისკომფორტი ქრება და ენერგია გემატებათ
• შეიძლება, დღეში 450 გრამი მოიმატოთ.
• მეოთხე თვის ბოლოს (მე-16/20 კვირას) შეიგრძნობთ ნაყოფის მოძრაობას. შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
• მუცელი უკვე გეტყობათ და დროა, ორსულთათვის განკუთვნილი ტანსაცმლის ტარება დაიწყოთ.
მეხუთე თვე
• თუ მეხუთე თვეს ბავშვის მოძრაობას ვერ შეიგრძნობთ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
• საშვილოსნო ჭიპის დონეზე მდებარეობს.
• თქვენი გულისცემის სიხშირე იმატებს
• შესაძლოა, კვირაში 450 გრამი მოიმატოთ.
• სიმშვიდე გჭირდებათ. დღე-ღამეში 8-9 საათი მაინც უნდა გეძინოთ. ხშირ-ხშირად დაისვენეთ და თავი მეტისმეტად არ დაიტვირთოთ.
მეექვსე თვე
• შესაძლოა, ბავშვის ძლიერი დარტყმები იგრძნოთ.
• შესაძლოა, გაგიჩნდეთ ქავილის შეგრძნება მუცლის მიდამოში. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ლოსიონები.
• შესაძლოა ზურგის ტკივილმა იჩინოს თავი. ჩაიცვით დაბალქუსლიანი ან სპორტული ფეხსაცმელი, დიდხანს დგომას თავი არიდეთ. სპეციალურმა ვარჯიშებმა შეიძლება მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ.
• შესაძლოა, დაგეწყოთ ტკივილი მუცლის ქვედა მიდამოში, რაც იოგების დაჭიმვით არის გამოწვეული.
როგორ უნდა მოიქცეთ?
• თუ ნაადრევი მშობიარობის სიმპტომები შეამჩნიეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს (იხ. ნაადრევი მშობიარობა)
• თუ საცხოვრებელი ადგილი და/ან ტელეფონის ნომერი შეიცვალეთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
• 24/28-ე კვირას კეთდება სისხლის ანალიზი ორსულთა დიაბეტის გამოსარიცხად (დატვირთვითი სინჯი).
• შესაძლოა, შეკრულობა გაწუხებდეთ. უნდა მიიღოთ უფრო მეტი წყალი ან ხილის წვენი, მიირთვათ უჯრედისით მდიდარი საკვები (ხილი და ბოსტნეული) და ივარჯიშოთ (თქვენს ექიმთან შეთანხმებით).
• ნუ მიიღებთ საფაღარათო ან ანტაციდური (მჟავიანობის დასაქვეითებელი) საშუალებები ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
• ეცადეთ მეტი შეიტყოთ ძუძუთი კვების შესახებ.
• შეატყობინეთ თქვენს ექიმს, სად აპირებთ მშობიარობას.
რა უნდა იცოდეს თქვენმა პარტნიორმა
შეგიძლიათ, ერთად ესაუბროთ თქვენს პატარას _ მას უკვე ყველაფერი ესმის, უყუროთ სასიამოვნო ფილმებს. თქვენს პარტნიორს შეუძლია შეიგრძნოს ბავშვის მოძრაობა.
მესამე ტრიმესტრი
მესამე ტრიმესტრში თავის გაკონტროლება უფრო ხშირად მოგიწევთ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არტერიული წნევის, ორსულის წონის, ბავშვის მოძრაობის კონტროლი. პაწიას ზრდასთან ერთად იმატებს ზეწოლა ფილტვებზე, კუჭზე, ამიტომ შესაძლოა სუნთქვა გაგიძნელდეთ, ჭამის დროს დისკომფორტის, ზეწოლის შეგრძნება დაგეუფლოთ. საჭიროა საკვების პატარ-პატარა ულუფებად მიღება. უმჯობესია, ჭამოთ დღეში 5-6-ჯერ და პატარა ულუფები, ვიდრე სამჯერ და ბევრი.
როგორ იზრდება ბავშვი
მეშვიდე თვე
• თქვენი პატარას სიგრძე 38-40 სანტიმეტრია, ხოლო წონა _ 1100-1300 გრამი.
• ბავშვი ახელს და ხუჭავს თვალებს და შეუძლია თითის წოვა.
• ბავშვი განაგრძობს უფრო აქტიურ მოძრაობას.
• რეაგირებს სინათლესა და ხმაზე.
მერვე თვე
• თქვენი პატარას სიგრძე 45-48 სმ-ია, წონა _ დაახლოებით 1800-2200 გრამი.
• გრძელდება ტვინის ქსოვილის სწრაფი ზრდა.
• ნაყოფი უკვე საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, ნაკლებს მოძრაობს, მაგრამ განაგრძობს დარტყმებს.
• შეგიძლიათ შეიგრძნოთ პატარას იდაყვი ან მუხლი, რომელიც თქვენს მუცელს მიებჯინება.
• თქვენი პატარას თავის ქალას ძვლები რბილია და მობილური, რაც სამშობიარო გზებში მის გამოსვლას აადვილებს.
• ფრჩხილების განვითარება უკვე დამთავრებულია.
• ფილტვები შესაძლოა ამ დროისთვის ბოლომდე არ იყოს ჩამოყალიბებული.
მეცხრე თვე
• თქვენი პატარას სიგრძე 48-53 სმ-ია, წონა _ 2700-4000 გრამი.
• 37/40-ე კვირაზე თქვენი პატარა დროულ ახალშობილად ითვლება.
• ბავშვის ფილტვები მომწიფებულია და მზად არის, ფუნქციონირება დაიწყოს.
• ბავშვი ყოველ კვირა დაახლოებით 226 გრამს იმატებს.
• მისი თავი უმეტესად ქვევით არის მიმართული.
თქვენი სხეული
მეშვიდე თვე
• თუ შეამჩნიეთ, რომ ტერფები და კოჭები გიშუპდებათ, დიდხანს ნუ იდგებით ფეხზე, უმჯობესია, დაწვეთ და ფეხები მაღლა ასწიოთ. თუ სახე და ხელები უეცრად შეგიშუპდებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• მუცელზე და მკერდზე, მათი ზომაში მატების გამო, შესაძლოა სტრიები გაგიჩნდეთ.
• შესაძლოა, შეკუმშვები დაგეწყოთ. ეს ნორმაა, მაგრამ თუ შეკუმშვები გახშირდა (საათში 5 და მეტი) მიმართეთ თქვენს ექიმს.
• უკვე საკმაოდ დიდი მუცელი გაქვთ, ფრთხილად იმოძრავეთ.
მერვე თვე
• ამ პერიოდში შეკუმშვები შესაძლოა უფრო მეტად გაძლიერდეს.
• შეიძლება, მკერდიდან გამოიყოს ხსენი (სითხე, რომელიც წარმოიქმნება და გამოიყოფა სარძევე ჯირკვლებიდან რძის წარმოქმნამდე).
• დისკომფორტის გამო შესაძლოა დაგერღვეთ ძილი. შეგიძლიათ, უფრო მეტად აიმაღლოთ სასთუმალი _ ეს სუნთქვას გაგიადვილებთ და ძილის საშუალებას მოგცემთ.
• კვირაში შესაძლოა 450 გრამი მოიმატოთ.
• საშვილოსნოს ფუძე ზუსტად ნეკნების ქვეშ მდებარეობს.
მეცხრე თვე
• ჭიპი შესაძლოა ამოგებურცოთ.
• შესაძლოა გაგიადვილდეთ სუნთქვა, ვინაიდან ბავშვი ქვემოთ ეშვება, მაგრამ შარდის ბუშტზე მისი ზეწოლის გამო დაგეწყოთ ხშირი შარდვა.
• შესაძლოა მოიმატოს შეშუპებამ კოჭისა და ტერფების მიდამოში.
• საშვილოსნოს ყელი მოკლდება, თხელდება და იხსნება.
• შესაძლოა გქონდეთ ძლიერი დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც ნაყოფის წონით არის განპირობებული. დაისვენეთ უფრო ხშირად.
• შესაძლოა ამ პერიოდში არც ერთი გრამი არ მოიმატოთ, პირიქით, 450-900 გრამი დაიკლოთ კიდეც.
როგორ უნდა მოიქცეთ
• თუ თქვენს თავს ნაადრევი მშობიარობის ნიშნები შეატყვეთ, მიმართეთ ექიმს.
• შეატყობინეთ ექიმს თქვენი სამშობიარო გეგმა. მიიღეთ ინფორმაცია გაუტკივარების თაობაზე და იკითხეთ, რა გვერდითი მოვლენები ან გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას.
• დაათვალიერეთ სამშობიარო, სადაც მშობიარობა გაქვთ განზრახული.
• გაესაუბრეთ პედიატრს _ თქვენი მომავალი შვილის ექიმს.
• სათანადოდ მოემზადეთ ძუძუთი კვებისთვის.
• მოამზადეთ სამშობიაროში წასაღები ბარგი.
რა უნდა იცოდეს თქვენმა პარტნიორმა
ესაუბრეთ ერთმანეთს შვილის მომავალზე, იყავით ერთად, მყუდრო და ლამაზი გარემო შეუქმენით ერთმანეთს. ეს მოგიხსნით სტრესსა და შიშს.
რა პრობლემები სდევს თან ორსულობას?
მოდი, თვალი გადავავლოთ ორსულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც უსიამოვნოა, მაგრამ არა საშიში. თუ რომელიმე მათგანი გაწუხებთ, უამბეთ თქვენს ექიმს, ჩვენ კი შევეცდებით, მოგცეთ მარტივი რჩევები, რომლებიც მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.
დაღლილობა (საერთო სისუსტე)
ორსულობის პირველ თვეებში (პირველი სამი თვის განმავლობაში) შესაძლოა მცირე დატვირთვის დროსაც კი დაგეუფლოთ დაღლილობა. ეს საგანგაშო არ გახლავთ. მიზეზი ორსულის ორგანიზმში მომხდარი ცვლილებებია. ასე რომ, ეცადეთ დაისვენოთ, როდესაც ამას ორგანიზმი გთხოვთ (რა თქმა უნდა, თუ არ მუშაობთ და შვილები არ გყავთ მოსავლელი).
განწყობის ცვალებადობა და ჭირვეულობა
ეს ორსულობის დამახასიათებელი ნიშანია. ლუდი, მჟავე კიტრი, ხაში, ნაყინი შუაღამისას _ ასეთი ახირებები საშიში არ არის, მაგრამ გახსოვდეთ: ყველაფერი, რისი ჭამის ან დალევის სურვილიც გაგიჩნდებათ, თქვენთვის და თქვენი პატარასთვის შესაძლოა სრულიადაც არ იყოს სასარგებლო.
მკერდის ცვლილებები
ცვლილებებს ორსულობის პირველსავე დღეებში შეამჩნევთ _ მკერდი გაგეზრდებათ და გაგიმკრივდებათ. ორგანიზმი ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პროცესისთვის იწყებს მზადებას. შესაძლოა, იგრძნოთ სუსტი ჩხვლეტა და უსიამოვნო შეგრძნებებმაც შეგაწუხოთ, მაგრამ არ შეშინდეთ _ დისკომფორტი სისხლმომარაგების გაძლიერების ბრალია. თუ ტკივილი მუდმივი და შემაწუხებელია, მიმართეთ ექიმს.
მეტად მნიშნელოვანია მკერდის მომზადება მომავალი შვილის კვებისთვის. კერტები რომ არ დაგისკდეთ და არ აგტკივდეთ:
. შხაპის შემდეგ მკერდი უხეში პირსახოცით გაიმშრალეთ;
. თქვენივე ხელით ჩაიტარეთ ყოველდღიური მსუბუქი მკერდის მასაჟი.
“სტრიები”
სტრიები ნახეთქებია, რომლებიც კანის გადაჭიმვის გამო ჩნდება. სტრიების წარმოქმნას ქავილი და წვის შეგრძნებაც სდევს თან. ასეთ დროს მიზანშეწონილია გამოიყენოთ კანის დამარბილებელი ზეთები და ლოსიონები. თუმცა, რასაც არ უნდა გპირდებოდეთ სარეკლამო რგოლები, ისინი უკვალოდ მშობიარობის შემდეგაც კი არ გაქრება.
ფეხის კუნთების კრუნჩხვა
ასეთი რამ ხშირად სდევს თან ორსულობას და ვენური სისხლის მიმოქცევის შეგუბებით და/ან ბავშვის თავის რომელიმე ნერვზე ზეწოლით არის განპირობებული. კალციუმის ნაკლებობას ამაში ბრალი არ მიუძღვის და არაც სპეციფიკურ მკურნალობას მოითხოვს.
ყველაზე ეფექტურია ვარჯიში _ სიარული. გარდა ამისა, უშუალოდ კრუნჩხვის დროს საჭიროა ფეხის კუნთის დაჭიმვა. დადექით ქუსლებზე და ფეხის წვერები მაღლა ასწიეთ. ერიდეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას.
შეკრულობა
ორსულობის დასაწყისში ქალის ორგანიზმი ჩვეულებრივზე მეტ პროგესტერონს წარმოქმნის. ეს ჰორმონი, რომელსაც უამრავი ფუნქცია აკისრია, ნაწლავთა მოძრაობის (პერისტალტიკის) შემცირებასაც იწვევს. ამის გამო ქალს აწუხებს სისავსის შეგრძნება ან შებერილობა და შეკრულობა. ჩვენი რჩევა ძალზე მარტივია: მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებით.
გულძმარვა
გულძმარვაც ნაწლავთა მოძრაობის შესუსტებით არის გამოწვეული, რის გამოც საკვები უფრო მეტხანს რჩება კუჭში. ამის თავიდან ასაცილებლად საკვები ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით უნდა მიიღოთ. ნუ მიეტანებით გაზიან სასმელებს _ ლიმონათს, კოკა-კოლას. უმჯობესია სვათ რძე, მიირთვათ იოგურტი, მაწონი. სასურველია, იწვეთ ნახევრად წამომჯდარი (ზურგქვეშ ამოიდეთ ბალიში). უზმოზე არ მიიღოთ ხილის წვენი.
გულისრევა
ის ორსულობის თანამდევი ყველაზე ხშირი სიმპტომია. გულისრევა გამოწვეულია ჰორმონების სიჭარბით, რომლებიც ორსულობის დროს გამოიყოფა. მკურნალობას საჭირო არ გახლავთ. თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, გულისრევა შემსუბუქდება.
ლოგინში უზმოზე მიირთვით ორცხობილა და თაფლი, შემდეგ 5-10 წუთი დაისვენეთ და მერეღა ადექით. ჭამეთ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. ერიდეთ ცხიმიან საკვებს, მაგალითად, კარაქს.
პირღებინება
თუ პირღებინება მუდმივი გახდა, თქვენს ექიმს მიმართეთ.
ბუასილი
ჰორმონი პროგესტერონი ნაწლავის კედელს ადუნებს. გარდა ამისა, მოქმედებს სწორ ნაწლავზეც. მზარდი საშვილოსნო აწვება დიდ ვენებს, რაც თავის მხრივ, ვენური სისხლის მიმოქცევის შეგუბებას და ჰემოროიდული კვანძების გაფართოებას იწვევს.
ჩვენი რჩევაა, მიიღოთ თხიერი, უჯრედისით მდიდარი საკვები, ახალი (დაუმუშავებელი) ხილი, ბოსტნეული. კარგი ეფექტი აქვს უზმოზე მიღებულ შავი ქლიავის ჩირს და ჭარხალს. კარგია ვარჯიშიც _ ფეხით სიარული. თუ ამან არ გიშველათ, მიმართეთ ექიმს.
მშობიარობა
უნდა გახსოვდეთ, რომ მშობიარობა ბუნებრივი პროცესია და არა სამედიცინო პროცედურა. იგი ორსულობის უკანასკნელი ფაზაა. მშობიარობა იწყება დედის სხეულში ფიზიოლოგიური ცვლილებებით, რომლებიც ბავშვის მოახლოებული დაბადების მანიშნებელია. ეს ცვლილებებია:
• საშვილოსნოს ყელის გახსნა და გათხელება;
• საშვილოსნოს რიტმული სპაზმები, რომლებიც მშობიარობის მოახლოებასთან ერთად ნელ-ნელა ხშირდება და ძლიერდება.
მშობიარობის დასაწყისი გახანგრძლივებული სამეტაპიანი პროცესია, რომლის განმავლობაშიც ნაყოფი ჩამოდის მენჯის არეში და დაბადებისთვის ემზადება. პირველი მშობიარობა, ჩვეულებრივ, 12-14 საათის განმავლობაში გრძელდება, ყველა მომდევნო კი უფრო ხანმოკლეა.
მშობიარობა მეტწილად ორსულობის 38-ედან 42-ე კვირამდე პერიოდს ემთხვევა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მშობიარობა 38-ე კვირამდე იწყება. ამას ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ. ის პოტენციურად სახიფათოა ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. ხდება ისეც, რომ ბუნებრივი მშობიარობა იგვიანებს ანდა დროულად იწყება, მაგრამ არ არის საკმარისად ინტენსიური, რათა ადეკვატური ჭინთვები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევებში ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მშობიარობის პროცესის დაჩქარების ან სტიმულირების შესახებ.
მშობიარობის დროს ქალი გრძნობს განსაზღვრულ ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც ნაყოფის მენჯის არეში ჩამოსვლაზე მიუთითებს. სპაზმები შეიძლება ძალზე მტკივნეული იყოს. არსებობს რამდენიმე გზა, რათა მშობიარობა დედისთვისაც და ბავშვისთვისაც უფრო იოლი გახდეს. ზოგიერთი ექიმი მშობიარეს მედიკამენტების მეშვეობით უმცირებს ტკივილს, ზოგიერთი კი სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშების გამოყენებას ამჯობინებს, რათა ორსულმა არ მიიღოს (ან მცირე ოდენობით მიიღოს) წამლები.
მშობიარობა სამ ეტაპად მიმდინარეობს. მესამე, საბოლოო ეტაპი თვით ბავშვისა და პლაცენტას (მომყოლის) დაბადებაა.
განსაზღვრულ შემთხვევებში თავს იჩენს ქირურგიული ჩარევის, ე.წ. საკეისრო კვეთის აუცილებლობა. კვეთა ზოგჯერ წინასწარ იგეგმება, ზოგჯერ კი მის ჩატარებას მშობიარობისას დროს წამოჭრილი მოულოდნელი გართულებისას წყვეტენ. ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, როცა:
• ნაყოფი დიდია და უჭირს სამშობიარო გზებში გამოტევა;
• საშვილოსნოს ყელი ნელა ან არასრულად იხსნება;
• ნაყოფი იბრძვის მშობიარობით გამოწვეული სტრესის დასაძლევად;
• ნაყოფის გულისცემა დიდი ხნით ჩერდება ან ნელდება;
• ძლიერი სისხლდენა საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას.
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
საშოსმხრივი (ფიზიოლოგიური) მშობიარობის შემდეგ ახალნამშობიარევი დედები პაწიებთან ერთად, ჩვეულებრივ, ორ-სამ დღეს რჩებიან სამშობიაროში, საკეისრო კვეთის ან გართულებული მშობიარობის შემთხვევაში კი შესაძლოა ისინი კლინიკაში უფრო მეტხანს დატოვონ.
ქალი მშობიარობის შემდეგ ერთგვარ დისკომფორტს განიცდის. მაგალითად, ხშირია მშობიარობის შემდგომი ტკივილები, რომლებიც გაფართოებული საშვილოსნოს შეკუმშვასა და მისი ჩვეულებრივი ფორმის აღდგენას უკავშირდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ამიტომ საშიში არაფერია. შეკუმშვები, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეს გრძელდება. პირველი მშობიარობის შემდეგ ისინი ნაკლებად შემაწუხებელია, ხოლო მომდევნო მშობიარობისას _ უფრო საგრძნობი და ძლიერი.
გარდა ამისა, ქალს აღენიშნება ლოქია _ მშობიარობის შემდგომი გამონადენი, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს. გამონადენი სისხლისა და ორსულობის შემდეგ დარჩენილი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ნაწილებისგან შედგება. თავდაპირველად ის ღია წითელი ფერისაა, თანდათან ვარდისფერს იღებს და მცირდება, მერე და მერე კი ყვითელი ან თეთრი ხდება. ვიდრე სისხლდენა ძლიეირა, ვაგინალური ტამპონების გამოყენება არ არის სასურველი.
ახალნამშობიარევი დედის ორგანიზმში 40 კვირის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები ნელ-ნელა ლაგდება და ორგანიზმი თავის ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.
სამშობიაროში ბავშვს უტარდება პირველი ვაქცინაცია ტუბერკულოზსა და B ჰეპატიტზე, ახალგაზრდა დედა სწავლობს, როგორ აჭამოს პატარას, როგორ აბანაოს, როგორ გამოუცვალოს ტანსაცმელი და საფენები.
მენსტრუაციული ციკლი, ჩვეულებრივ, მშობიარობიდან ცხრა კვირის შემდეგ აღდგება. თავდაპირველად თვიური უფრო ხანმოკლე ან ხანგრძლივია, ვიდრე ორსულობამდე, მერე და მერე კი ნელ-ნელა უბრუნდება ნორმას.
დაიმახსოვრეთ: თუ ბავშვს ინტენსიურად, გარკვეული წესების დაცვით აწოვებთ ძუძუს, მენსტრუაცია არ იწყება და არც დაორსულება გემუქრებათ. ეს მოვლენა ერთგვარი ბუნებრივი კონტრაცეფციაა. მას ლაქტაციური ამენორეის მეთოდს უწოდებენ. საქმე ის არის, რომ ძუძუთი მართებული კვებისას პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავება. ამ გზით ბუნება თვითონვე უწყობს ხელს ქალს, დაიცვას განსაზღვრული ინტერვალი ორსულობათა შორის (არანაკლებ 2 წლისა) _ ეს აუცილებელია მისი ჯანმრთელობის აღსადგენად. ამრიგად, ძუძუთი კვება მხოლოდ ბავშვისთვის კი არა, დედისთვისაც სასრგებლოა.
- ლამ –ის უპირატესობები:
- მაღალეფექტურია (98%)
- მოხერხებულია
- მშობიარობის შემდგომ დაუყოვნებლივ იწყება;
- ხელს არ უშლის სქესობრივ ურთიერთობას;
- არ აქვს გვერდითი მოვლენები
- სასარგებლოა დედისთვისაც და ბავშვისთვისაც.
ლამ-ის ნაკლოვანებები
- მიუწვდომელია იმ ქალებისთვის, რომლებიც მიზეზთა გამო ჩვილს ძუძუს ვერ ან არ აწოვებენ;
- დამოკიდებულია მეძუძური დედის მიერ ლამ-ის კრიტერიუმების დაცვაზე;
- სამედიცინო და სოციალური ფაქტორების გამო ძუძუთი კვების შენარჩუნება შესაძლოა გაჭირდეს;
- მეთოდის ხანგრძლივობა შეზღუდულია;
- არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (მათ შო¬რის _ აივ/შიდსისგან).
გაითვალისწინეთ: - ბავშვი უნდა კვებოთ მხოლოდ ძუძუთი, ყოველგვარი დანამატის, სითხისა და წყლის გარეშე;
- ძუძუთი კვება უნდა ხდებოდეს მოთხოვნილებისდა მიხედვით, დღე-ღამეში დაახლოებით 8-12-ჯერ. კვებათა შორის ინტერვალი 3-4 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
თუ ძუძუთი კვების პერიოდში მენსტრუაცია აღგიდგათ, არ იცავთ კვების მითითებულ რეჟიმს და თქვენი შვილი 6 თვეზე მეტი ხნისაა, დაორსულების შესაძლებლობა იზრდება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოჯახის დაგეგმვის დამატებითი მეთოდის გამოყენება და ძუძუთი კვების გახანგრძლივება ბავშვის ჯანმრთელობისთვის.



