ამობეჭდვა

ნარკოტიკი

თამბაქო

სახიფათო გზა
იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე


I-II

"ნარკომანია სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი სიკვდილით ტკბობა"
ფრანსუა მორიაკი


ოფიციალური სტატისტიკა შემაშფოთებელ ციფრებს ასახელებს – უკანასკნელი 6 წლის მანძილზე მოზარდებს შორის ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა. საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აღწევს.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნარკომანია – დაავადებაა! დაავადება, რომლის დროსაც ნარკომანთა 96% განწირულია სასიკვდილოდ.

როგორ დავიფაროთ მოზარდი ამ "თეთრი სიკვდილის" კლანჭებიდან?

საყურადღებო ნიშნები

  • იგი გულჩათხრობილი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გახდა?
  • უფრო მეტ დროს გარეთ ხეტიალს ანდომებს და სახლში იშვიათად მოდის?
  • გაღიზიანებულია და ძილ-ღვიძილის რიტმიც დარღვეული აქვს?
  • გაკვეთილებსა და ლექციებს ხშირად აცდენს და აღარც მეცადინეობს?
  • კარგი მადის მიუხედავად წონაში მკვეთრად იკლებს?
  • აღარ აინტერესებს წინანდელი გატაცებები (სპორტი, მუსიკა და ა.შ.)?
  • ხასიათი მკვეთრად ეცვლება?
  • ყოველდღე გთხოვთ ფულს და თქვენი საფულედანაც გარკვეული რაოდენობის თანხა ხშირად ქრება?
  • სადღაც იკარგება ძვირფასი ნივთები?
  • ამჩნევთ, რომ ხშირად იტყუება?
  • ბოლო დროს რაღაც საეჭვო სატელეფონო საუბრები შენიშნეთ?
  • რადმენჯერმე ერთჯერადი შპრიცები უპოვეთ?
  • თვალები ხშირად წითელი აქვს და ძლიერი ოფლიანობს?
  • ცხვირის, შუბლის ან მთელი სხეულის ძლიერი ქავილი შენიშნეთ?

    მსგავსი ნიშნების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ აუცილებლად გულახდილად უნდა გაესაუბროთ თქვენს შვილს. ნუ იქნებით მკაცრნი და ეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ, გული გადაგიშალოთ. აუხსნით ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ.

    III

    თუ არ გსურთ, რომ თქვენი შვილი ნარკოტიკების მსხვერპლი გახდეს:
  • იყავით მის გვერდით, ხშირად ესაუბრეთ, ერთად ისეირნეთ, მოუსმინეთ მუსიკას, ერთად წადით კინოში;
  • დაინტერესდით მისი ამბებით, სამეგობრო წრით;
  • თუ რაღაც პრობლემა აქვს და განმარტოება სურს, ხელს ნუ შეუშლით, მაგრამ მიანიშნეთ, რომ მის გვერდით ხართ და თუ დასჭირდება, ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს;
  • ოჯახში შექმენით თბილი და მოსიყვარულე ატმოსფერო;
  • შეეცადეთ, მთელმა ოჯახმა იცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით;
  • თუ რაიმე საეჭვო შენიშნეთ, თავს ნუ მოიტყუებთ, თითქოს არაფერი ხდება, მაშინვე მიიღეთ ზომები.

    IV

    რატომღაც ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ნარკოტიკს მხოლოდ ერთხელ გასინჯავს და მასზე დამოკიდებული არ გახდება. სწორედ, ეს ერთჯერ გასინჯვა ბადებს მეორეჯერ გასინჯვის სურვილს, მერე მესამეჯერ, კიდევ ერთხელ, კიდევ... და ახალგაზრდა ნარკოტიკის მსხვერპლი ხდება.

    მათ უნდათ, შენც გახდე ნარკომანი!
    უბანში თუ სკოლაში, საერთო მეგობრების წრეში ბევრი მაგალითი გაქვს ნარკოტიკული დამოკიდებულებისა. ნებისმიერ მათგანს სურს, შენც გახდე ნარკომანი.

    ისინი საკუთარ სურვილებს ხმამაღლა არ გიმხელენ და არც მათი გეგმების შესახებ იცი რაიმე, მაგრამ თუ ერთხელ გემო გაუგე "კაიფს", ჩათვალე რომ შენც ერთი მათგანი გახდი, შენც დაგეწყება "ლომკები" და ყველაფერს გაიღებ, საყვარელი ადამიანების კეთილდღეობასაც კი, რომ კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ჩაეშვა სიამოვვნების მორევში, სიამოვნებისა, რომლის შედეგის ასეთია:

    V

    საბედისწერო განაჩენი
  • შიდსით ინფიცირებულთა 70% ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებელნი არიან!
  • ინჰალატორების ერთჯერ შესუნთქვამაც კი შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს (დახრჩობით ან გულის გაჩერებით).
  • ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა ჩ ჰეპატიტით არიან ინფიცირებულნი, რომელიც ვერაგი დაავადებაა და ზოგჯერ შეიძლება ბოლო სტადიაში გამოვლინდეს, როცა მკურნალობა უშედეგოა და ადამიანი იღუპება.
  • ნარკოტიკების მისაღებად ადამიანი ნებისმიერი კრიმინალური ქმედების ჩასადენად არის მზად.
  • ნარკოტიკი იწვევს წამლისადმი დამოკიდებულებას, რომლისგანაც თავის დაღწევა ძნელია.

    დაფიქრდი, სანამ ნარკოტიკს გემოს გაუსინჯავ და მის კლანჭებში მოხვდები. მერე უკვე გვიან იქნება!
  • იყავი თანამედროვე – იცხოვრე თავისუფლად

    I

    საქართველო მწეველთა რაოდენობის მიხედვით "საპატიო" ადგილზე დგას ევროპის სახელმწიფოებს შორის – ქვეყნის მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი თამბაქოს კვამლშია გახვეული და არა მარტო საკუთარ, ირგვლივმყოფთა ჯანრმთელობასაც საფრთხის ქვეშ აგდებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მოზარდებში – მოზარდთა 43% თამბაქოს მომხმარებელია.

    მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი მწეველია და მათი 80% განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნის მცხოვრებლებზე მოდის. 35-დან 69 წლამდე მამაკაცთა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზი 40-48%-ში ნიკოტინია. ფილტვის კიბოს შემთხვევათა 95% სიგარეტის მოწევას უკავშირდება.

    თამბაქოსაგან ყოველ 8 წამში თითო ადამიანი იღუპება!

    II

    ცნობისმოყვარეობის ხაფანგი რატომ დავიწყე? ნეტა სულ არ გამესინჯა... საკუთარ თავთან ამგვარი საუბარი უფრო მოგვიანებით, 30-35 წლის ასაკში იწყება. მანამდე კი არის ცნობისმოყვარეობა, სხვების (მაგალითად, საკუთარი მშობლების) მიბაძვა, თანატოლების ზეგავლენა.

    რა თქმა უნდა, გინდათ, რომ თქვენი შვილი არ ეწეოდეს, მაგრამ აბა თავად განსაჯეთ, რა აზრი აქვს ლექციების კითხვას სიგარეტის მავნებლობაზე, როცა ლექციის დამთავრების შემდეგ თქვენი შვილი სიგარეტით ხელში გხედავთ?

    როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, თუ ოჯახში სამი მწეველია, დიდია ალბათობა, რომ ბავშვმა 12 წლის ასაკიდან დაიწყოს მოწევა.

    ასე რომ, თუ გარდა საკუთარი ჯანრმთელობისა, შვილის ჯანმრთელობასაც გინდათ გაუფრთხილდეთ, ჯერ თვითონ უნდა თქვათ უარი სიგარეტზე. ამისათვის კი უამრავი მიზეზი გაქვთ.

    III

    სავალალო შედეგი როცა სიგარეტს ეწევით, თქვენ შეისუნთქავთ ნიკოტინს, კარბონმჟავას და კიდევ 200 დასახელების ძლიერ შხამს.

    თამბაქოს კვამლში შემავალი კომპონენტებიდან 59 კანცეროგენულია, ხოლო 6 დამღუპველად მოქმედებს საშვილოსნოსა და ნაყოფის განვითარებაზე.

    თამბაქოში არსებული შხამები ორგანიზმის ყველა უჯრედამდე აღწევს და დამანგრეველ ცვლილებებს იწვევს, რომლებიც წლების მანძილზე ისე გროვდება, რომ მწეველი ვერც კი გრძნობს. შედეგი? – ფილტვის კიბო, კანის კიბო, კბილების დაავადებები, გასტრიტის, კუჭის წყლული, საშვილოსნოს კიბო და სიმახინჯეები, ფსორიაზი, სპერმის დეფორმირება...

    გარდა ჯანრმთელობისა, მოწევა თქვენს გარეგნობასა და ცხოვრების წესზე ახდენს უარყოფით გავლენას. თამბაქოში შემავალი ტოქსინები აშრობს კანს და ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების გაჩენას იწვევს. თუ სპორტს მისდევთ ან ამის სურვილი გაქვთ, სიგარეტით ხელში ნამდვილად ვერ მოახერხებთ წარმატებას მიაღწიოთ.

    IV

    პასიური მოწევა უამრავი ადამიანი ავადდება ფილტვის კიბოთი, გულის დაავადებებით, უამრვაი ბავშვი იღუპება უეცარი სიკვდილით და რატომ? – იმიტომ რომ თქვენ სიგარეტს ეწევით. დიახ, პასიური მოწევა ანუ სხვის მიერ მოწეული სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვა უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.



    თუ მომავალი დედა მუდმივად სიგარეტის კვამლით არის გარშემორტყმული, ბავშვი შესაძლოა რომელიმე დეფექტით დაიბადოს. თამბაქოს კვამლით გაჟღენთილ ოთახში 4 საათის განმვალობაში ყოფნა 2 ღერი სიგარეტის მოწევის ტოლფასია!

    ყოველწლიურად პასიური მოწევის შედეგად 26 000-მდე ბავშვი ბრონქული ასთმით ავადდება, ხოლო 300 000-მდე ბრონქიტით.

    დაფიქრდით, ღირს კი თქვენი საყვარელი ადამიანები, მომავალი თაობა საკუთარი სიამოვნებისთვის გაწიროთ, სიამოვნებისთვის, რომელიც მხოლოდ სავალალო შედეგებით სრულდება?!

    V

  • ესაუბრეთ მოზარდებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ;
  • ნუ იქნებით მკაცრნი და ნურც მუქარას შეეცდებით;
  • აუხსენით, რომ სიგარეტი მას დამოკიდებულს ხდის და თავისუფლებას ართმევს;
  • დაარწმუნეთ, რომ თამბაქო ნებისმიერი მიზნის მიღწევაში შეუშლის ხელს;
  • ეცადეთ, თქვენს შვილებთან ერთად მეტი თავისუფალი დრო გაატაროთ და ჯანრმთელი ცხოვრების წესით იცხოვროთ;
  • მაგალითი თვითონ იყავით – იცხოვრეთ თამბაქოს გარეშე და ისუნთქეთ თავისუფლად!

    განვითარებულ ქვეყნებში უკვე სირცხვილადაც კი ითვლება სიგარეტის მოწევა. პატივი ეცი საკუთარ თავსაც და სხვებსაც. იყავი თამანედროვე და იცხოვრე თავისუფლად!