გენდერი და სქესი
ხშირად გენდერი და სქესი ერთმანეთში ერევათ. სქესი ქალისა და მამაკაცის ბიოლოგიური და ანატომიური მახასიათებელია, ხოლო გენდერი – თავისებურებათა და ქცევათა ნაკრები, რომელსაც საზოგადოება სქესიდან გამომდინარე აკუთვნებს ადამიანებს.
|
სქესი
|
გენდერი
|
გენდერი მთელი ცხოვრების მანძილზე ყალიბდება და მასზე უდიდეს გავლენას ახდენს მენტალიტეტი, განათლება, კულტურა, ეკონომიკა, თუმცა დროთა განმავლობაში მან შეიძლება გარკვეული ცვლილებებიც განიცადოს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობათა თავისებურებებსაც, რომლებიც სოციუმის შიგნით ყალიბდება და ვინაიდან სოციუმი დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდის, ბუნებრივია, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებიც იცვლება.
იყო ქალი ან მამაკაცი საზოგადოებაში, მხოლოდ ამა თუ იმ ანატომიური თავისებურებების ქონაზე როდია დამოკიდებული; ეს ნიშნავს, შეასრულო მოვალეობები, რომლებსაც საზოგადოება აკისრებს ქალსა თუ მამაკაცს, რასაც მოელის, რის უფლებასაც აძლევს, რასაც აფასებს მათში.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მამაკაცსა და ქალს შორის უთუოდ უნდა არსებობდეს განსხვავება მინიჭებული პასუხისმგებლობების, ქმედებების, გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობის თვალსაზრისით. განსხვავებები კი სქესთა შორის უთანასწორობებს ბადებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ცხოვრებაზე, ოჯახზე, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და ჯანმრთელობაზე.
ანთროპოლოგებმა, ეთნოგრაფებმა თუ ისტორიკოსებმა კარგა ხანია დაადგინეს "მამაკაცისთვის ტიპური" და "ქალისთვის ტიპური" ქცევები თუ ნიშან-თვისებები, რომლებიც, არსებითად, მაინც შედარებითია, რადგან ის, რაც ერთ საზოგადოებაში მამაკაცის მახასიათებლად ითვლება, სხვა საზოგადოებაში შესაძლოა ქალისთვის იყოს დამახასიათებელი.
გენდერს სოციუმი ქმნის. ის იქმნება როგორც ქალის ან მამაკაცის სოციალური მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მის მდგომარეობასა და როლს საზოგადოებაში, ოჯახში, პოლიტიკურ სტრუქტურებში, ეკონომიკაში, კულტურაში და ა.შ.
ზოგიერთ საზოგადოებაში მამაკაცი და ყველაფერი მამაკაცური/მასკულინური (ხასიათის თავისებურებანი, ქცევები, პროფესია) პირველ ადგილზე დგას და დომინანტურად მიიჩნევა, ხოლო ქალი და ყველაფერი ქალური/ფემინური მამაკაცზე დაბლა მდგომად, მის მორჩილად მოიაზრება.



