აივი და შიდსი – მიმოხილვა
მსოფლიოში შიდსით ინფიცირებულთა რიცხვი 40 მილიონს აჭარბებს. აქედან 18 მილიონამდე ქალია და 3 მილიონამდე - 15 წლამდე ასაკის ბავშვი.
შიდსით მთელ მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
შიდსი პრობლემაა, რომელიც დღეს ყველას ეხება, მათ შორის - შენც. ვირუსი ადამიანებს სოციალური მდგომარეობის, ცხოვრების წესისა თუ ჩვევების მიხედვით არ ირჩევს, იგი ნებისმიერი ჩვენგანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს.
შიდსი ყველგან შეიძლება იყოს. ის შესაძლოა აღმოჩნდეს შენს ქალაქშიც, მეტიც - შენს გვერდით.
უყურადღებობა და დაუფიქრებლობა ხშირად იქცევა შიდსით ინფიცირების მიზეზად. შენზეა დამოკიდებული, გახდები თუ არა მისი მსხვერპლი.
მკურნალობა შესაძლებელია, განკურნება – შეუძლებელი
დიახ, ვირუსს, რომელიც ყველა ვირუსზე უკეთ არის შესწავლილი და რომლის წინაშეც თანამედროვე მედიცინა უძლურია, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სიცოცხლე ეწირება.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიდან ყველაზე საშიში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია (აივ). მის შესახებ მხოლოდ გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს გახდა ცნობილი. მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, შიდსის სამშობლო აფრიკაა, ხოლო მისი პირველი მასპინძელი – შიმპანზე.
ორგანიზმი მასში აივ-ინფექციის შეღწევის შემდეგ კარგავს თავდაცვისა და ბრძოლის უნარს - იმუნიტეტს. ინფიცირების საწყის ეტაპზე დაავადებას ფაქტობრივად არაფერი ავლენს, ამიტომაც სათანადო კვლევების გარეშე ძნელია განსაზღვრო, არის თუ არა პიროვნება აივ-ით ინფიცირებული.
აივით ინფიცირებულ მრავალ ადამიანს სავსებით ჯანმრთელი შესახედაობა აქვს და მათ შეუძლიათ, დაავადება სხვებს გადასდონ!
ამჟამად არსებობს სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახანგრძლივებს დროს ინფიცირებიდან დაავადებათა ჩამოყალიბებამდე, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს. ვირუსის გავრცელება სხვადასხვა გზით შეიძლება: სქესობრივი კონტაქტით, საზიარო შპრიცით ნარკოტიკის ინექციისას, ინფიცირებული სისხლის გადასხმით, შესაძლოა, დედისგან გადაედოს ნაყოფსა და ბავშვს (ფეხმძიმობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს). სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირების ალბათობა ყველაზე მაღალია (70-80%) სქესობრივი კონტაქტისას.
ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო კონტაქტით აივი არ გადაედება!
აივ/შიდსით ავადდებიან თქვენი საყვარელი ადამიანები!



