ბათუმში გაიხსნა ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრი
2009 წლის 30 ივლისს, ევროკავშირის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ,,ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში” _ ფარგლებში გაიხსნა ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრი ბათუმის ჯანმრთელობის ცენტრში -“მედინა” (ქ. ბათუმი, მაზნიაშვილის ქ. 18).
აღნიშნული ცენტრი ახალგაზრდებს უზრუნველყოფს უფასო კონსულტაციებით, ფინანსურად ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურებით, მიაწვდის მათ სრულყოფილ ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მდგრადი გაუმჯობესება. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის 16 სამედიცინო-საინფორმაციო ცენტრის გახსნა.




