“ მსოფლიო 7 მილიარდის მიჯნაზე – ახალგაზრდების ხედვა ”
31 ოქტომბერს, 7 მილიარდი აქტივობის კამპანიის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა მოაწყო ახალგაზრდული კონფერენცია “მსოფლიო 7 მილიარდის მიჯნაზე – ახალგაზრდების ხედვა”. კონფერენციას უმასპინძლა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტმა და იგი მიეძღვნა მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის 7 მილიარდამდე გაზრდას .
31 ოქტომბერს პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ 7 მილიარდს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მოსახლეობის 43 პროცენტს 25 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ, თუმცა ეს მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში 60%-ს აღწევს.
უკვე ათეული წელია, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტი მართავს ახალგაზრდულ კონფერენციებს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. ახალგაზრდების მიერ მომზადებული საკონფერენციო მასალების თემატიკა ყოველწელს იცვლება და ეძღვნება მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს.
2011 წლის კონფერენციის მოხსენებების თემატიკა დაკავშირებული იყო 7 მილიარდიან სამყაროსთან, როგორიცაა: სიღარიბე და მოსახლეობა, ქალთა და გოგონათა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ხანდაზმულობა, ურბანული ზრდა, გარემო, ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ეკოლოგია.
“გაეროს მოსახლეობის ფონდი მსოფლიო მაშტაბით აღნიშნავს მსოფლიო მოსახლეობის ნიშნულის 7 მილარდამდე გაზრდას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდების როლი ამ მრავალრიცხოვან სამყაროში, რომელიც ახალ გამოწვევებთან ერთად ახალი შესაძლებლობებითაა აღსავსე და მოითხოვს დროულ ქმედებებს. ახალგაზრდების დღევანდელი ხედვა და ქმედებები განსაზღვრავს მოსახლეობის განვითარების ტენდენციებს მომავალში. ”, თამარ ხომასურიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
“ახალგაზრდებში ინვესტიციის ჩადება არის ყველაზე ჭკვიანური რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი საერთო მომავლისათვის”- აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ბაბატუნდე ოსოტიმეჰის სპეციალურ მიმართვაში.




