სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ეს ის დაავადებებია, რომლებიც გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე სქესობრივი კონტაქტის დროს. მოზარდები და ახალგაზრდები (15-24) ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირების თვალსაზრისით. 

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შეიძლება ძალზე არასასურველი შედეგები მოჰყვეს, განსაკუთრებით ქალებისათვის, თუკი არ ხდება მათი მკურნალობა. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია სპეციალური ანალიზის გაკეთება სქესობრივი გზით გადამდები დაავადების აღმოსაჩენად. ზოგიერთმა სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება, რომელსაც უშვილობა მოჰყვება, ზოგი კი, შეიძლება, სასიკვდილოც იყოს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია სექსისაგან თავის შეკავების გზით და, გარკვეულ წილად, ჩასახვის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, პრეზერვატივი.

ქლამიდიოზი

გავრცელება
ბაქტერია, რომელსაც ჰქვია ქლამიდია ტრაქომატის, იწვევს დაავადება ქლამიდიოზს. იგი შეიძლება გადავიდეს ნებისმიერი სახის სქესობრივი კონტაქის დროს, თუკი პარტნიორები არ იყენებენ პრეზერვატივს. ეს დაავადება შეიძლება გადაედოს ბავშვს მშობიარობისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალისა და მკერდის ინფექციები. 

სიმპტომები

ქლამიდიოზის სიმპტომები , ჩვეულებრივ მჟღავნდება ინფიცირებიდან ერთი-სამი კვირის განმავლობაში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი ვერ ხვდება, რომ მას ქლამიდიოზი სჭირს. ნავარაუდევია, რომ ქლამიდიოზით ინფიცირებულ ქალთა 75%-მა და მამაკაცთა 50%-მა არ იცის ინფიცირების შესახებ. 

როდესაც სიმპტომები  მჟღავნდება, მამაკაცებში, ჩვეულებრივ ეს გამოიხატება პენისიდან რძისებრი გამონადენით, განსაკუთრებით დილაობით და შარდვისას წვის შეგრძნებით. ასევე, შესაძლებელია, საკვერცხეების შეშუპება და ტკივილი.

ქალების შემთხვევაში, ქლამიდიოზი შეიძლება გამომჟღავნდეს ვაგინიდან რძისებრი გამონადენით და პატარა მუცლისა და წელის ტკივილებით, ან ტკივილებით სქესობრივი აქტის დროს. ასევე შესაძლებელია ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს და მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში. ასევე შესაძლებელია ტკივილი შარდვისას. 

ქლამიდიოზის უმკურნალობამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს საშვილოსნოსგარე ორსულობა და უშვილობა. უშვილობა შესაძლებელია მამაკაცების შემთხვევაშიც. მამაკაცებს, უფრო იშვიათად კი ქალებს ქლამიდიოზის დროს შეიძლება განუვითარდეთ რაითერის სინდრომი (თვალებისა და სახსრების წვა, კანის გაღიზიანება), რომელმაც შეიძლება ართრიტის რთული ფორმა გამოიწვიოს.

დიაგნოსტირება
ქლამიდიოზის დიაგნოსტირება ხდება პენისს ან საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღებით და მარტივი შარდის ანალიზით. ნაცხის აღება არცთუ სასიამოვნო პროცედურაა, მაგრამ კეთდება სწრაფად. ზოგიერთ კლინიკაში, ქლამიდიოზის დიაგნოსტირებისათვის ასევე ხორციელდება შარდის ანალიზი.
ხშირ შემთხვევაში ქლამიდიოზის არსებობის დასადგენად საჭიროა თითქმის ერთი კვირა და აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ კლინიკას, რათა შეიტყოთ ანალიზის შედეგი და, იმ შემთხვევაში, თუ ქლამიდიოზი დადასტურდა, ექიმმა უნდა დაგინიშნოთ მკურნალობა. 

მკურნალობა

ქლამიდიოზის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების მეშვეობით. ჩვეულებრივ, ეს არის დოქსიციკლინის 7-დღიანი კურსი ან აზითრომიცინის ერთი მიღება. აუცილებელია მიიღოთ ყველა აბი, რათა ინფექცია სრულად აღმოიფხვრას თქვენი ორგანიზმიდან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა პარტნიორმაც გაიაროს მკურნალობის კურსი მანამ, სანამ თქვენ კვლავ აღადგენთ სქესობრივ კავშირს. სიმპტომები  შეიძლება გაგრძელდეს აზითრომიცინის მიღებიდან კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგანაც ანტიბიოტიკს დრო სჭირდება იმისათვის, რომ იმოქმედოს.
ექიმი გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ სექსისაგან (პრეზერვატივითაც კი), სანამ არ დასრულდება მკურნალობის კურსი. ეს აუცილებელია რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
ართრიტის რთული ფორმა გამოიწვიოს.

გენიტალური კოჟრები

გავრცელება
გენიტალური კოჟრები არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის პაპილომის ვირუსი (HPV). იგი გადადის ანალური, ვაგინალური ან ორალური სექსით. მისი გადადება შესაძლებელია ასევე თვით კოჟრებ თან  ახლო ფიზიკური კონტაქტის დროსაც, რადგან ვირუსის გავრცელება შეიძლება ამანაც გამოიწვიოს. 

სიმპტომები
გენიტალური კოჟრები გამოიყურება ისევე, როგორც კოჟრები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილშიც – ეს ჩვეულებრივ არის კანზე მცირე ზომის წანაზარდი ოდნავ ხაოიანი ზედაპირით. ზოგჯერ, კოჟრების ვირუსით დაინფიცირების მიუხედავად, ხილვადი კოჟრები შეიძლება არ გაჩნდეს, ან მათი შემჩნევა შეიძლება ძნელი იყოს. ქალების შემთხვევაში, კოჟრები შეიძლება გაჩნდეს ვაგინის შიდა ან გარე მხარეს, ან საშვილოსნოს ყელზე, ან ანუსის გარშემო. მამაკაცებში კოჟრები შეიძლება გაჩნდეს პენისზე ან ანუსის გარშემო.
გენიტალური კოჟრების ზოგიერთი ფორმა დაკავშირებულია მენჯის ან სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის საშიშროებასთან. ეს საშიშროება კიდევ უფრო დიდია აივ-ით ინფიცირებული ადამიანისათვის. თუმცა, ხილვადი კოჟრების არსებობა არ არის აუცილებელი მტკიცება იმისა, რომ ინფიცირებული ხართ კოჟრები ვირუსით, რომელიც დაკავშირებულია კიბოს გაჩენასთან.

დიაგნოსტირება
გენიტალური კოჟრების დიაგნოსტირება ხდება გენიტალური და ანალური მიდამოების ვიზუალური ან მანუალური გასინჯვით. პაპანიკოლაუს ნაცხის ანალიზი არის პროცედურა, რომელიც გამიზნულია დისპლაზიად წოდებული პრეკანცერული უჯრედული ცვლილებების აღმოსაჩენად მანამ, სანამ განვითარდება ავთვისებიანი სიმსივნე. პაპანიკოლაუს ნაცხის ანალიზისათვის იღებენ უჯრედებს მენჯის მიდამოებში. ამ უჯრედების მიკროსკოპული დათვალიერებისას შესაძლებელია ნებისმიერი უჯრედული ცვლილების აღმოჩენა და იმის დადგენა, არის თუ არა კიბოს განვითარების საშიშროება მომავალში. 

აივ-დადებითი ქალებისათვის რეკომენდირებულია პაპანიკოლაუს ნაცხის ანალიზის გაკეთება აივ-ის დიაგნოსის დასმისთანავე, ექვსი თვის შემდეგ და შემდგომ – ყოველწლიურად. ანალური არხის სქრინინგის მნიშვნელობა პრე-კანცერული უჯრედების აღმოჩენისათვის ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი. 

ისეთი ტიპის ანალიზი, რომელსაც უწოდებენ სითხის ციტოლოგიას, ასევე გამოიყენება კიბოს წარმოქმნის საშიშროებასთან დაკავშირებული კოჟრების ვირუსის აღმოჩენისათვის და ის თანდათანობით პაპანიკოლაუს ნაცხის ანალიზის ადგილს იკავებს.

მკურნალობა

გენიტალური კოჟრების ვირუსის განკურნებას ახორციელებს თქვენივე იმუნური სისტემა და ამას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. ხილვადი კოჟრების მკურნალობა მოიცავს კოჟრების ამოწვას ან მოყინვას სპეციალური ქიმიური ნივთიერების საშუალებით ან ლაზერულ ქირურგიას. უკანასკნელ პერიოდში შექმნილ იქნა მალამო, რომელსაც პაციენტი თვითონ მოიხმარს. ეს პროცედურები არცთუ სასიამოვნოა.

გონორეა

გავრცელება
გონორეა არის სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული დაავადება და იგი შეიძლება გადავიდეს ნებისმიერი სახის სქესობრივი კავშირით. განუკურნავი გონორეით აივ-ინფიცირებული ადამიანი კიდევ უფრო ადვილად გადასდებს აივ-ს სხვებს. გონორეამ შეიძლება ასევე გაზარდოს აივ-ით ინფიცირების რისკი აივ-უარყოფითი ადამიანებისათვის, თუკი ისინი დაუცველ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. გონორეა შეიძლება გადაედოს ბავშვს დედისაგან მშობიარობის პროცესში და გამოიწვიოს ბავშვის თვალის ინფექცია, რაც დაკავშირებულია დაბრმავების მაღალ რისკთან, თუკი მისი მკურნალობა არ მოხდა დროულად და სწორად.

სიმპტომები
გონორეის სიმპტომები ჩვეულებრივ მჟღავნდება ინფიცირებიდან 2-10 დღის განმავლობაში. თუმცა, ზოგი ადამიანი შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ ინფიცირებულია, რამდენადაც სიმპტომები ყოველთვის არ იჩენს თავს, ან ძალზე უმნისვნელოდ არის გამოხატული. მამაკაცებში სიმპტომები ჩვეულებრივ გამოიხატება პენისიდან მოყვითალო ან მონაცრისფრო გამონადენით და წვით შარდვისას. ასევე შესაძლებელია საკვერცხეების შეშუპება და ტკივილი.

ქალებში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს წვის შეგრძნებას შარდვისას და უფერულ ან სისხლნარევ გამონადენს ვაგინიდან.

უმკურნალობის შემთხვევაში, გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობისათვის, მათ შორის მენჯის ინფექციები ქალებში, რომელსაც შედეგად მოსდევს ტკივილი, უშვილობა და საშვილოსგარე ორსულობა, ხოლო მამაკაცებში – საკვერცხეების პრობლემები და ურეთრის (შარდსაწვეთის) შევიწროვება.

განუკურნავი გონორეა შეიძლება გავრცელდეს სისხლძარღვებში და გამოიწვიოს მაღალი სიცხე, დააზიანოს სახსრები, გამოიწვიოს ართრიტი და სახსრების შეშუპება.

დიაგნოსტირება
გონორეის დიაგნოსტირებისათვის ხდება ნაცხის აღება პენისის თავიდან, ურეთრიდან, ყელიდან ან საშოდან. ნაცხის აღების პროცესი არცთუ სასიამოვნოა. ამის ნაცვლად შესაძლებელია შარდის ანალიზის გაკეთება. ჩვეულებრივ, ნაცხის ანალიზის შედეგის გაგება შესაძლებელია დაუყოვნებლივ მამაკცებისათვის და ხშირ შემთხვევაში ქალებისთვისაც, მაგრამ გონორეის დიაგნოსტირება ყელში მოითხოვს გარკვეულ დროს. თუმცა, სადაც არ უნდა იყოს ლოკალიზებული ინფექცია, დასკვნითი შედეგების მიღება შესაძლებელია მქსიმუმ სამ დღეში. ამდენად, აუცილებელია, რომ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს და შეიტყოთ ანალიზის შედეგები.

მკურნალობა
გონორეის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების მეშვეობით. პრეპარატის მიღება, ჩვეულებრივ, ხდება ინექცირების გზით. თქვენ მოგიწევთ კლინიკაში დაბრუნება 7 დღის შემდეგ, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ განიკურნეთ ინფექციისაგან. ძალზე მნიშვნელოვანია, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის სექსისაგან ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენადაც შესაძლებელია გონორეით რეინფიცირება ან დაავადების გადადება პარტნიორისათვის.

ჰეპატიტი A

გავრცელება
ჰეპატიტი A არის ვირუსი, რომელიც აზიანებს ღვიძლს. ეს ვირუსი გადადის სხვადასხვა სუბსტანციებთან (მაგალითად, ექსკრემენტთან) კონტაქტით ან მოწამლული საკვებით. თუკი თქვენ ერთხელ გადაიტანეთ ჰეპატიტი A, იგი მეორედ აღარ დაგემართებათ, მაგრამ ზოგჯერ ხდება რელაფსებიც.

სიმპტომები
A ჰეპატიტიმა შეიძლება გამოიწვიოს მოკლე-ვადიანი საშუალო ავადმყოფობა, ხოლო მისი სიმპტომები მოიცავს კანისა და თვალების გაყვითლებას (სიყვითლეს), უკიდურეს დაღლილობას, წონაში დაკლებას, გულისრევას, დიარეას, შარდის გამუქებას და ღია ფერის განავალს. სიმპტომები მწვავდება ალკოჰოლის, ჩაის, ყავის ან ცხიმიანი საკვების მიღებისას. ჩვეულებრივ, მდგომარეობა უმჯობესდება ორი კვირის განმავლობაში.

მკურნალობა

ჰეპატიტი A-ს მკურნალობა მდგომარეობს დასვენებაში, დიდი რაოდენობით სითხის მიღებაში და ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებისაგან თავის შეკავებაში. ასევე მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ პარაცეტამოლის პრეპარატებს. ჰეპატიტი A შეიძლება უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს და უფრო მწვავე ფორმა მიიღოს აივ-ინფიცირებულთა და დასუსტებული იმუნური სისტემის შემთხვევაში. თუკი თქვენს გაქვთ ჰეპატიტი A, შეიძლება გაჩნდეს აივ-ის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისაგან თავის შეკავების აუცილებლობა, რამდენადაც ყველა პრეპარატის დამუშავება ხდება ღვიძლში, ხოლო როდესაც ღვიძლში მიმდინარეობს ჰეპატიტი A-ს მიერ გამოწვეული ანთებითი პროცესი, გვერდითი მოვლენები შეიძლება გართულდეს.

ვაქცინაცია
განსხვავებით უმეტესი ინფექციისაგან, რომელიც განხილულია ამ თავში, ჰეპატიტი A-ს საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ყველასათვის, ვინც ინფიცირებულია აივ-ით რეკომენდირებულია ვაქცინაცია, თუკი მათ არ გააჩნიათ ბუნებრივი იმუნიტეტი ამ ინფექციისადმი. ვაქცინაცია მოიცავს ორ ინექციას, რომელიც კეთდება ექვსი თვის განმავლობაში.

ჰეპატიტი B

გავრცელება
ჰეპატიტი B ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის სისხლთან, სპემასთან, ნერწყვთან ან ვაგინალურ სითხეებთან კონტაქტის დროს, ამდენად იგი ადვილად გადადის დაუცველი სექსის შემთხვევაში და დედისაგან შვილზე მშობიარობისას. იგი ბევრად უფრო ადვილად გადამდებია, ვიდრე აივ-ი.

სიმპტომები
B ჰეპატიტით ინფიცირების ნიშნებია სიყვითლე (კანისა და თვალსების გაყვითლება), ჭამის მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილები, სისუსტე, გულისრევა, გულღებინება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და სიცხე. ეს სიმპტომები შეიძლება ძალზე მწვავე იყოს, ხოლო იშვიათ შემთხვევაში, სასიკვდილოც კი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ინფიცირებული ვერც კი ამჩნევს აღნიშნულ სიმპტომებს.

დიაგნოსტირება
სისხლის ანალიზის მეშვეობით შეიძლება აღმოჩენილ იქნეს B ჰეპატიტის ანტისხეულები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ვირუსთან და დაინფიცირდა. თუკი კონტაქტი გქონდათ ვირუსთან, მაგრამ თქვენ არ გაგინვითარდაც დაცვითი იმუნიტეტი, მაშინ თვით ვირუსის ფრაგმენტები, რომლებსაც B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენები (HDსAგ) ეწოდება, ნარჩუნდება თქვენს სისხლში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვირუსის ქრონიკული მატარებელი ხსრთ და შეგიძლიათ გადასდოთ ეს დაავადება სხვებს. მატარებელთა ქვე-ჯგუფს ასევე აღენიშნება ე-ანტიგენები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დაავადება ძალიან ადვილად გადამდებია.

მკურნალობა
B ჰეპატიტით ინფიცირების საწყისი პერიოდის განმავლობაში ძალზე მნიშვნელოვანია დასვენება, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების ამოღება და ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებისაგან თავის შეკავება.

თუკი თქვენ აივ-ინფიცირებული ხართ და გაქვთ ქრონიკული B ჰეპატიტი, აუცილებლად უნდა იმყოფებოდეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ როგორც აივ-ის, ისე B ჰეპატიტის მკურნალობისათვის.

ვაქცინაცია
თუკი თქვენ არ გაგაჩნიათ ბუნებრივი იმუნიტეტი, სასურველია, რომ გაიაროთ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც შედგება სამი ინექციის კურსისაგან რამდენიმე თვის განმვალობაში. აივ-ინფიცირებულმა შეიძლება დაკარგოს B ჰეპატიტის წინააღმდეგ იმუნიტეტი, რამდენადაც მისი იმუნური სისტემა დასუსტებულია და ამის შემოწმება აუცილებელია რეგულარულად.

ჰეპატიტი C

გავრცელება
ჰეპატიტი C ჩვეულებრივ გადადის სისხლი-სისხლთან კონტაქტის შემთხვევაში. სექსუალური ურთიერთობა, რომელიც მოიცავს სისხლთან კონტაქტს, ათაშანგის არსებობა C ჰეპატიტით ინფიცირებისას ასევე გვევლინება, როგორც ინფექციის გადადების ფაქტორები.  

სიმპტომები
C ჰეპატიტით ინფიცირების შედეგები ცვალებადია. ვირუსით ინფიცირებულთა 5%-ზე ნაკლებს უვითარდება ჰეპატიტის მწვავე სიმპტომები, როგორიცაა სიყვითლე და სისუსტე, ინფიცირების პერიოდში, ხოლო ძალზე მცირე ნაწილს უმჟღავნდება ეს სიმპტომები დაავადების ნებისმიერ სტადიაზე. მათთვის, ვისაც უმჟღავნდება სიმპტომები, გავრცელებულ ნიშნებს წარმოადგენს ძლიერი დაღლილობა და დეპრესია.

დიაგნოსტირება
აივ-ინფიცირებამ შეიძლება ძალზე გაართულოს ჩ ჰეპატიტის დიაგნოსტირება, რადგან ანტისხეულები შეიძლება არ გამოჩნდეს სისხლის ანალიზის დროს.

მკურნალობა
არსებული პრაქტიკა გულისხმობს ჩ ჰეპატიტის მკურნალობის დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღვიძლის ფუნქცია მუდმივად სცდება ნორმის ზღვარს. მკურნალობის მიზანია ჰეპატიტის განკურნება, ღვიძლის ენზიმების (ღვიძლის ფუნქციის მარკერები) ნორმალიზება, ჩ ჰეპატიტის ვირუსული დატვირთვის დაქვეითება, ღვიძლში ანთებითი პროცესის ჩაქრობა და ციროზის ან ღვიძლის კიბოს პროგრესირების თავიდან აცილება.

ჰერპესი

ჰერპესი მჟღავნდება მტკივნეულ წყლულებითა და გამონაყარით პირის ღრუში, გენიტალუს მიდამოებში ან ანუსის გარშემო. ჰერპესი გამოწვეულია საერთო ვირუსით, რომელსაც ეწოდება ჰერპესის სიმპლექსის ვირუსი (HSV).

ინფიცირების შემთხვევაში ვირუსი სამუდამოდ რჩება ნერვულ უჯრედებში. შეიძლება არც იცოდეთ, რომ ხართ ინფიცირებული ჰერპესით. უმეტესწილად იგი მიძინებულია და არ ამჟღავნებს რაიმე სიმპტომებს. დროდადრო შეიძლება თავი იჩინოს მცირე გამონაყარმა, განსაკუთრებით თუ თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია. აივ-უარყოფითთა შორისაც კი, სტრესმა, საერთო გაცივებამ ან ძლიერმა ულტრაიისფერმა დასხივებამ შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ჰერპესის სიმპტომები.

არსებობს ჰერპესის ორი ძირითადი სახეობა, რომლებიც იწვევს ორალურ და გენიტალურ ინფექციას. HSV-1 ჩვეულებრივ იწვევს ორალურ ჰერპესს ან გაციების წყლულებს – მტკივნეული გამონაყარი ტუჩის ნაპირზე, იქ სადაც ტუჩი უერთება სახის კანს. ზოგჯერ იგივე შეიძლება გაჩნდეს ნესტოზე, ღრძილებზე ან სასაზე. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს გენიტალური ინფექცია.

მტკივნეული გენიტალური ან ანალური წყლულები, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში თან სდევს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს HSV-1 და HSV-2. ჰერპესის წყლულის განვითარებამდე შეიძლება გაჩნდეს ქავილის ან წვის შეგრძნება. ეს შეგრძნებები მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი მოძრაობს ნერვის გასწვრივ კანის მიმართულებით. კანზე კი ის აჩენს მცირე გამონაყარს, რომელიც მალევე ივსება სითხით. შემდეგ მას უჩნდება ფუფხი და მის მორჩენას, ჩვეულებრივ ერთი ან ორი კვირა სჭირდება, თუკი ადამიანის იმუნური სისტემა ნორმალურ მდგომარეობაშია.

გავრცელება

ვირუსი ვრცელდება ერთი ადამიანიდან მეორეზე ამ წყლულებისა და ლორწოვანი გარსის კონტაქტის შემთხვევაში, ანუ კოცნისა და სექსუალური კონტაქტის დროს.
ჰერპესი ასევე შეიძლება გადავიდეს წყლულების არარსებობის დროსაც, თუკი ხდება აივ-ის რეპლიკაცია და აივ-ის გადამდები ნაწილაკები გამოიყოფა კანის, ან მეტად ლორწოვანი გარსის მიერ. აივ-ინფიცირებულებს ამგვარი რეაქცია უფრო ხშირად შეენიშნებათ.

გენიტალური ჰერპესი კიდევ უფრო აძლიერებს აივ-ის გადადების რისკს.
აივ-ინფიცირებულების შემთხვევაში ჰერპესის გამომჟღავნება უფრო ხშირი, მწვავე და ხანგრძლივია. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს წყლულის ინფიცირება სხვა ბაქტერიით ან სოკოვანი ინფექციით. გარდა ორალური და გენიტალური წყლულებისა, ჰერპესმა შეიძლება გამოიწვიოს ყელისა და თვალების გაღიზიანებაც.

დიაგნოსტირება

ჰერპესის დიაგნოსტირება ხდება წყლულიდან აღებულ ნაცხში ვირუსის კულტივირების გზით ან ვირუსის აღმოსაჩენად ფლურესცენტული სქრინინგის გამოყენებით. ანალიზი, რომელიც სწავლობს უშუალოდ ვირუსის გენეტიკურ მასალას, გამოიყენება გამოკვლევის მიზნით, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ არის ხელმისაწვდომი.

ჰერპესის არსებობა კუჭნაწლავსა და სწორ ნაწილავში დგინდება ბოჭკოვან- ოპტიკური ინსტრუმენტებით.

მკურნალობა და განმეორების პროფილაქტიკა
ჰერპესის მკურნალობა ხდება აციკლოვირის მეშვეობით. არსებობს მკურნალობის კიდევ სხვა საშუალებებიც, როგორიცაა ვალაციკლოვირი, რომელიც ცნობილია ვალტრექსის სახელწოდებით და ფამციკლოვირი.

აციკლოვირი მიიღება აბების სახით (200-800 მგ დღეში ხუთჯერ 5-10 დღის განმავლობაში) ჰერპესის მწვავე ორალური, გენიტალური ან ანალური შეტევების მოსახსნელად. მიუხედავად იმისა, რომ აციკლოვირი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, თუკი ჰერპესის შეტევა უკვე მკვეთრად არის გამომჟღავნებული, მისი მიღების შედეგი შეიძლება მინიმალური იყოს. მისი მიღება ასევე ხდება ინტრავენური წვეთოვანის ფორმით (5-10 მგ/კგ ყოველ 8 საათში) განსაკუთრებით მწვავე შეტევების დროს. აციკლოვირს ძალზე მცირე გვერდითი მოვლენები ახასიათებს. მას არ შესწევს უნარი განკურნოს ადამიანი ჰერპესისაგან და, ამდენად, შესაძლებელია შეტევის განმეორება. აციკლოვირის მალამოს შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში და იგი გამოიყენება გაციების წყლულების სამკურნალოდ; თუმცა, ბევრ ექიმს ეჭვი ეპარება მის ეფექტურობაში. ზოგი ადამიანი თვლის, რომ მარილიანი აბაზანები, ყინული (გახვეული პირსახოცში), ლიდოკაინის გელი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და სხვ. ასუსტებს სიმპტომებს.

აციკლოვირის მიღება შეიძლება რეგულარულად, რათა თავიდან აიცილოთ ჰერპესის შეტევების განმეორება (400მგ დღეში ორჯერ).

არასპეციფიური ურეთრიტი (NSU)

გავრცელება
არასპეციფიური ურეთრიტი (NSU) არის მამაკაცის ურეთრის, ანუ იმ მილის ანთება, რომელშიც გადი შარდი და სპერმა. ეს ანთება შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ, რომელიც გადადის ნებისმიერი სახის სქესობრივი კავშირის დროს. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში იგი შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა მიზეზმაც, რომელიც არ არის დაკავშირებული სექსთან.

სიმპტომები

არასპეციფიური ურეთრიტის სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება ინფიცირებიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა, ზოგიერთმა გამაღიზიანებელმა, როგორიცაა საპონი, შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების თითქმის დაუყოვნებელი გამომჟღავნება. ამავე დროს, დადგენილია, რომ არასპეციფიური ურეთრიტით ინფიცირებულ მამაკაცთა 50%-ს საერთოდ არ უმჟღავნდება სიმპტომები.

როდესაც სიმპტომები სახეზეა, ისინი ჩვეულებრივ მოიცავს ტკივილს ან წვის შეგრძნებას შარდვისას, გახშირებულ შარდვას და თეთრ ან მღვრიე გამონადენს პენისიდან, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია დილით.

დიაგნოსტირება
არასპეციფიური ურეთრიტის დიაგნოსტირება ხდება პენისიდან ნაცხის აღებით. პროცედურა უსიამოვნოა, მაგრამ სწრაფი. ინფექციის დასადგენად ასევე შესაძლებელია შარდის ანალიზის გამოყენებაც. უმეტეს შემთხვევაში შედეგის მიღება შესაძლებელია დაუყოვევნებლივ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ამას ერთი კვირაც დასჭირდეს, თუ არის ქლამიდიოზიც, რომლიც სიმპტომებიც ჰგავს არასპეციფიური ურეთრიტის სიმპტომებს.

მკურნალობა

არასპეციფიური ურეთრიტის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების მეშვეობით. ჩვეულებრივ, კურსი გრძელდება 7 დღე დოქსიციკლინით მკურნალობის შემთხვევაში, ხოლო აზითრომიცინით მკურნალობისას საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი მიღებაც. აუცილებელია წამლის რეგულარული და სრული მიღება, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვნი ორგანიზმი გაიწმინდა ინფექციისაგან. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს აზითრომიცინის მიღებიდან კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, რამდენადაც ანტიბიოტიკს მოქმედებისათვის დრო ესაჭიროება.

მკურნალობის პერიოდში სასურველია სექსისაგან თავის შეკავება (პრეზერვატივითაც კი). თქვენმა პარტნიორმა, შეძლებისდაგვარად, თქვენთან ერთად უნდა გაიაროს მკურნალობის კურსი. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ის განიკურნოს და თავიდან აიცილოს რეინფიცირება.

ბოქვენის ტილი

ბოქვენის ტილი, რომელსაც ასევე “კიბორჩხალას” უწოდებენ, არის მცირე ზომის მწერი, რომელიც წააგავს კიბორჩხალას მარწუხებით, რომელთა მეშვეობითაც ის მარგდება ბოქვენის თმაზე (თმა, რომელიც იზრდება გენიტალიებისა და ანუს გარშემო). მიუხედავად იმისა, რომ “კიბორჩხალებს” განსაკუთრებით მოსწონთ სწორედ ბოქვენის თმა, მატი არსებობა შესაძლებელია თმაში სხეულის სხვა ნაწილშიც, განსაკუთრებით იღლიებში და წარბებსა და წამწამებშიც კი, თუმცა ეს არ არის გავრცელებული.

გავრცელება

კიბორჩხალები ჩვეულებრივ ვრცელდება სქესობრივი აქტის დროს, სხეულის ნებისმიერი ინტიმური შეხებაც კი შეიძლება საკმარისი იყოს მათი გადასვლისათვის. ისინი შეიძლება გადავიდნენ ასევე საერთო პირსახოცის, საწოლის ან ტანსაცმლის ხმარებისას, მაგრამ ეს ნაკლებადაა გავრცელებული. 

სიმპტომები და დიაგნოსტირება
ზოგი ადამიანი ამჩნევს მწერებს რამდენიმე საათში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იტყობენ მწერების გადადების შესახებ რამდენიმე კვირის შემდეგ. კიბორჩხალები ძალზე მცირე ზომის არიან და მათი დანახვა ძალიან ძნელია, მაგრამ, ჩვეულებრივ, სიმპტომები მოიცავს ინტენსიურ ქავილს, ხოლო ზოგი ადამიანი ამჩნევს ტილის კვერცხებს, რომლებიც მჭიდროდ არის მიკრული ბოქვენის თმაზე. სისხლის მცირე წვეთები შეიძლება გაჩნდეს საცვალსა და თეთრეულზე.


მკურნალობა

ისეთი ლოსიონების შეძენა, როგორიცაა მალათიონი (დერბაქ მ) შესაძლებელია აფთიაქებში, ექიმის რეცეპტის გარეშე. ისინი გამოიყენება კიბორჩხალების მოსაშორებლად. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მკაცრად დაიცვათ ინსტრუქცია, რამდენადაც არასწორი გამოყენებით შეიძლება ვერ მიაღწიოთ სასურველ შედეგს, ხოლო ჭარბი რაოდენობით ლოსიონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. არ წაისვათ დებაქ მ-ი და სხვა მსგავსი ლოსიონები ცხელი აბაზანის შემდეგ.
ბოქვენის თმის გაპარსვით ტილს ვერ მოიშორებთ. აუცილებლად ცხელ წყალში უნდა გაირეცხოს ყველა ტანსაცმელი, პირსახოცები და თეთრეული, რომელიც გამოიყენეთ მას შემდეგ, რაც ტილები გადაგედოთ.ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი პარტნიორი, ან იმ ადამიანებმა, ვისთანაც გქონიათ ინტიმური კავშირი, ან ვისთანაც ერთ საწოლში წოლილხართ, ასევე გაიარონ მკურნალობის კურსი იმავე დროს, რათა არ მოხდეს რეინფიცირება.

მუნი

მუნი არის კანის დაავადება, რომელსაც იწვევს კანის ქვეშ დამალული ტკიპა. მუნი იწვევს ქავილს, რომელიც, ჩვეულებრივ, განსაკუთრებით შემაწუხებელია ღამით.

გავრცელება
მუნი ძალზე ადვილად გადამდები დაავადებაა. ამისათვის საკმარისია კანის ნებისმიერი სახის კონტაქტი, საზიარო პირსახოცით ან თეთრეულით სარგებლობა.

სიმპტომები 
მუნი შეუმჩნეველია შეუიარაღებელი თვალისათვის, მაგრამ კანში ის ტოვებს წითელ “კვალს”. ჩვეულებრივ, მუნი განსაკუთრებით გამოხატულია თითებს შორის, გენიტალიებთან, მკერდზე, დუნდულაზე, მუცლის მიდამოებში და ფეხებზე. ნორვეგიული მუნი შეიძლება აღმოაჩნდეს აივ-ინფიცირებულ ადამიანს, რომელსაც დასუსტებული აქვს იმუნური სისტემა. კანზე ჩნდება თეთრი ფუფხი, რომელიც იწვევს ქავილს.

მკურნალობა
ბოქვენის ტილის სამკურნალო ლოსიონები შეიძლება იქნეს გამოყენებული მუნის მკურნალობისათვისაც. თუმცა, შეიძლება გაჩნდეს  ლოსიონის კანზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში (ჩვეულებრივ, 24 საათი) დატოვების აუცილებლობა. ლოსიონი უნდა წაისვათ მთელ სხეულზე, გარდა სახისა და თავის კანისა და განმეორებით წაისვათ ხელებზე ყოველი დაბანის შემდეგ. მკურნალობის დასრულების შემდეგ ქავილი შეიძლება დროებით გაძლიერდეს. ამ შემთხვევაში, შეიძლება გამოიყენოთ ჰიდროკორტიზონის მალამო. რაც მთავარია, არ უნდა მოიქავოთ უხეშად. არ წაისვათ ლოსიონი ცხელი აბაზანის შემდეგ.

ტანსაცმელი, პირსახოცები და თეთრეული უნდა გაირეცხოს ცხელ წყალში, რათა არ მოხდეს თქვენი რეინფიცირება ან დაავადების სხვებისათვის გადადება. ისევე, როგორც ბოქვენის ტილის შემთხვევაში, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მკურნალოის კურსი თქვენთან ერთად გაიაროს ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც, თქვენი აზრით, შეიძლება გადასდებოდა დაავადება და ვისთანაც გაქვთ ინტიმური კონტაქტი, რათა არ მოხდეს რეინფიცირება.

არც მუნს და არც ბოქვენის ტილს არ გადააქვს აივ-ი. იმ შემთხვევაში, თუკი ამ დაავადებებისაგან დიდი ხნის უმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი სისუსტე და კანის მწვავე გაღიზიანება.

ათაშანგი (სიფილისი)

ათაშანგი არის ბაქტერიული ინფექცია. ამ დაავადებას აქვს სამი სტადია: საწყისი, მეორე და მესამე. საწყის და მეორე სტადიებზე დაავადება ძლიერ გადამდებია.

გავრცელება
ათაშანგი შეიძლება გადაგედოთ ათაშანგის წყლულებთან კონტაქტისას ნებისმიერი სახის სქესობრივი აქტის დროს. იგი ასევე გადადის ათაშანგის მეორე სტადიის წყლულებთან ახლო ფიზიკური კონტაქტით. ეს წყლულები ადამიანს სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ჰქონდეს. ათაშანგი ასევე გადადის სისხლთან კონტაქტის შემთხვევაში და დედისაგან შვილზე.
ათაშანგის განუკურნავმა საწყისმა და მეორე სტადიებმა აივ-ი შეიძლება კიდევ უფრო გადამდები გახადოს. ათაშანგი აივ-უარყოფით ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის ვირუსის მიმართ.

სიმპტომები
ათაშანგმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების სპექტრი. ზოგ შემთხვევაში კი, სიმპტომები საერთოდ არ არის შესამჩნევი. დაავადების ადრეულ სტადიაზე სიმპტომები ადვილად შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა. აივ-ინფიცირებულთა შემთხვევაში ათაშანგი უფრო სწრაფად და მწვავედ პროგრესირებს და მისი სიმპტომები შეიძლება ოდნავ განსხვავებულიც იყოს.

ათაშანგით (საწყისი სტადია) ინფიცირების მომენტიდან, ინფიცირების ადგილზე მალევე შეიძლება გაჩნდეს მცირე წყლულები, ლაქები ან იარები (შანკრებად წოდებული). ეს, ჩვეულებრივ, პენისზე, ანუსსა და ვაგინაში (ან მის გარშემო), ან პირის ღრუში ხდება. შანკრები არ არის მტკივნეული და, ჩვეულებრივ, ადვილად იკურნება. მათ შეიძლება თან ახლდეს ჯირკვლების შეშუპება.

ათაშანგის მეორე სტადიამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება სხეულზე, მტევნებსა და ქუსლებზე, ჯირკვლების შეშუპება, მაღალი სიხცე, კუნთოვანი ტკივილი, თავის ტკივილი, ხმაური ყურებში და, იშვიათ შემთხვევაში, მენინგიტის. წყლულები ძლიერ გადამდებია. ათაშანგის მეორე სტადია, ჩვეულებრივ, ვითარდება ინფიცირებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

ათაშანგის მესამე სტადია შეიძლება განვითარდეს ინფიცირებიდან დაახლოებით ათი ან მეტი წლის შემდეგ დამან შეიძლება გამოიწვიოს გულისა, ტვინის (ნეიროსიფილისი), ძვლებისა და კანის (გუმა) თითქმის სრული დაზიანება. უმკურნალობის შემთხვევაში ათაშანგი იწვევს სიკვდილს.

დიაგნოსტირება

სექსუალური ჯანმრთელობის ზოგადი გამოკვლევა, ჩვეულებრივ, მოიცავს სისხლის ანალიზს ათაშანგზე, გარდა ამისა, ნებისმიერი წყლულიდან აღებულ უნდა იქნეს ნაცხი. დღევანდელ დღეს, მრავალი აივ-კლინიკა ახორციელებს ათაშანგზე შემოწმებას, რაც შედის რუტინულ გამოკვლევაში. ორგანიზმს შეიძლება დაახლოებით 3 თვე დასჭირდეს იმისათვის, რომ აწარმოოს ათაშანგის გამომწვევი ბაქტერიის ანტისხეულები, ამდენად, ინფიცირების შემდეგ მალევე გაკეთებულმა ანალიზმა შეიძლება დაავადება არ გამოამჟღავნოს. არსებობს გარკვეული მტკიცებულება იმისა, რომ აივ-ინფიცირებულთა ათაშანგზე შემოწმების შედეგები ნაკლებად სანდოა. თუკი არსებობს ტვინის დაზიანების ეჭვი, შეიძლება საჭირო გახდეს ზურგის ტვინის პუნქტირება, რათა შეფასდეს დაავადების ხარისხი.

მკურნალობა

ჩვეულებრივ, ათაშანგის მკურნალობა ხდება პენიცილინის ინექციების კურსით. პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში ავადმყოფს უტარებენ დოქსიციკლინის აბების კურსს. ათაშანგის საბოლოო განკურნებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სწორად მიიღოთ ექიმის მიერ გამოწერილი ყველა პრეპარატი. რათა თავიდან აიცილოთ დაავადების სხვებისათვის გადადება ან ბაქტერიით რეინფიცირება აუცილებელია მკურნალობის კურსის საბოლოო დასრულებამდე თავი შეიკავოთ სექსისაგან.

სისხლის საკონტროლო ანალიზები კეთდება მკურნალობის დასრულებიდან 1, 2, 3, 6 და 12 თვის ინტერვალებით, რათა დარწმუნდეთ, რომ დაავადება სრულად არის განკურნებული.

ტრიქომონაზი

ტრიქომონას ვაგინალისი არის სქესობრივი გზით გადამდები გავრცელებული დაავადება, რომელსაც იწვევს მიკროსკოპიული პარაზიტი.

გავრცელება
ტრიქომონაზი ვრცელდება მამაკაცსა და ქალს შორის დაუცველი სექსის შედეგად. 

სიმპტომები
ქალებში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჭარბ ვაგინალურ გამონადენს, ვაგინალურ ქავილს, წელის ტკივილს, ტკივილს სექსის დროს და ხშირ შარდვას. ხშირ შემთხვევაში, მამაკაცებს სიმპტომები არ შეემჩნევათ, მაგრამ თუკი მათ აქვთ გამონადენი პენისიდან, მათ უჩნდებათ წვის შეგრძნება შარდვისას და შარდვის ხშირი მოთხოვნილება. 

დიაგნოსტირება
დიაგნოსტირება ხდება ვაგინიდან ან პენისიდან გამონადენის ნაცხის მიკროსკოპული ანალიზით და ხშირად პასუხის გაგება შესაძლებელია დაუყოვნებლივ. ხოლო თუ განხორციელდა ნაცხის კულტივირება, შედეგი მიღებულ იქნება ერთი კვირის ვადაში. 

მკურნალობა
ტრიქომონასის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების მეშვეობით. აუცილებელია ყველა აბი სათანადოდ იქნეს მიღებული, რათა მოხდეს დაავადების სრული განდევნა ოგანიზმიდან. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მოგიწევთ გაიაროთ განმეორებითი შემოწმება, რათა დადასტურდეს, რომ დაავდება სრულად არის განკურნებული. სასურველია, რომ მკურნალობის პერიოდში თავი შეიკავოთ სექსისაგან, ხოლო თქვენმა პარტნიორმა (პარტნიორებმა) გაიაროს ასეთივე კურსის თქვენთან ერთად. ეს თავიდან აგაცილებთ რეინფიცირებას.

ურეაპლაზმა/მიკოპლაზმა

გავრცელება
ადამიანებში როგორც ურეაპლაზმას, ისე მიკოპლაზმას სახეობების გავრცელება ხდება სქესობრივი გზით, ვერტიკალურად დედისაგან ბავშვზე (მშობიარობის ან ჩასახვისას) ან ქსოვილების ტრანსპლანტაციის შედეგად. 

სიმპტომები
ურეაპლაზმას სახეობები ჩნდება მამაკაცებში არაქლამიდიური არაგონოკოკური ურეთრიტის შედეგად. ურეაპლაზმისა და მიკოპლაზმის პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ არის წვა შრადვისას, შარდვის მუდმივი მოთხოვნილების შეგრძნება, ძლიერი დისკომფორტი შარდის ბუშტის სისავსისას ან ვაგინალური ქავილი, უსიამოვნო სუნი ან გამონადენი. სხვა სიმპტომები მოიცავს თვალების ქავილს, ხველებას ან ცხვირის წვას. 

დიაგნოსტირება
ურეაპლაზმისა და მიკოპლაზმის დიაგნოსტირებისათვის ხორციელდება ვაგინასა და პენისიდან აღებული ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი.

მკურნალობა

რამდენადაც მიკოპლაზმას არ გააჩნია უჯრედის კედლები, პენიცილინი და ცეფალოსპორინები არ არის ეფექტური საშუალება. მკურნალობისათვის გამოიყენება ისეთი ანტიბიოტიკები, როგორიცაა ტეტრაციკლინი (მხოლოდ უფროსებისათვის) და ერითრომიცინი. პროფილაქტიკა პრობლემას წარმოადგენს დაავადების ხანგრძლივობის გამო. მჭიდრო კონტაქტის თავიდან აცილებისათვის პაციენტების იზოლირება პრობლემატურია დროის ხანგრძლივი პარიოდის განმავლობაში. დღევანდელ დღეს, არ არსებობს ამ დაავადების ვაქცინა.

აპვ – ადამიანის პაპილომავირუსი

გენიტალური აპვ ინფექცია არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი. ადამიანის პაპილომავირუსი ჰქვია ვირუსების ჯგუფს, რომელშიც შედის 100-ზე მეტი სხვადასხვა შტამი ან ტიპი. ამ ვირუსთაგან 30-ზე მეტი ვრცელდება სქესობრივი გზით. ეს ვირუსები ახდენს ქალისა და მამაკაცის გენიტალური არეების ინფიცირებას, მათ შორის პენისის, საშოს (ვაგინის გარე მიდამოები) ანუსის კანის და ვაგინის, საშვილოსნოს ყელისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის.
 
გავრცელება
აპვ-ს ტიპები, რომლებიც აზიანებს გენიტალურ არეებს, უპირველეს ყოვლისა ვრცელდება გენიტალური კონტაქტის მეშვეობით. აპვ ინფექციებს უმეტეს შემთხვევებში არ გააჩნია სიმპტომები ან ნიშნები; ამდენად, ინფიცირებულთა უმეტესობამ არ იცის დაავადების შესახებ, მაგრამ მათ შეუძლიათ გადასდონ ვირუსი თავიანთ სექსუალურ პარტნიორებს. 

სიმპტომები
უმეტეს შემთხვევაში, ადამიანმა, რომელიც ინფიცირებულია აპვ ვირუსით, არ იცის ამის შესახებ. ვირუსი არსებობს კანში ან ლორწოვან გარსში და, ჩვეულებრივ, არ იწვევს სიმპტომებს. ზოგ შემთხვევაში ჩნდება ხილვადი გენიტალური კოჟრები ან ადგილი აქვს პრეკანცერულ ცვლილებებს საშვილოსნოს ყელზე, საშოზე, ანუსზე ან პენისზე. ძალზე იშვიათია აპვ ვირუსის შედეგად ანალური ან ვაგინალური კანცერი. 

დიაგნოსტირება
ქალებში აპვ ვირუსის დიაგნოსტირება მეტწილად ხდება პაპანიკოლაუს ტესტის საფუძველზე. პაპანიკოლაუს ტესტი არის საშვილოსნოს ყელის აპვ ვირუსით გამოწვეული კანცერის ან პრე-კანცერული ცვლილებების სქრინინგის პირველადი საშუალება.

მკურნალობა
აპვ ვირუსით გამოწვეული დაავადების “განკურნება” შეუძლებელია, თუმცა ქალებში უმეტეს შემთხვევაში ვირუსი თავისთავად ქრება. მკურნალობის არსებული საშუალებები მიმართულია კანისა და ლორწოვანი გარსის აპვ ვირუსით გამოწვეულ ცვლილებებზე, როგორიცაა კოჟრები და საშვილოსნოს ყელის პრე-კანცერული ცვლილებები.

ცმვ - ციტომეგალოვირუსი

ცმვ შედის ჰერპერს-ვირუსების ოჯახში, რომელიც მოიცავს ჰერპეს სიმპლექს ვირუსებს და ვირუსებს, რომლებიც იწვევს ჩუთყვავილას (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი) და ინფექციურ მონონუკლეოზს (ეფსტეინ-ბარის ვირუსი). ცმვ-ს აღმოჩენა შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის სითხეებში, მათ შორის შარდში, ნერწყვში, დედის რძეში, სისხლში, ცრემლში, სპერმასა და ვაგინალურ სითხეებში. მოხვდება რა ცმვ ადამიანის ორგანიზმში, იგი რჩება იქ სამუდამოდ. 

გავრცელება
ცმვ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, სხეულის სითხეებთან (შარდი, ნერწყვი, დედის რძე, სისხლი, ცრემლი, სპერმა და ვაგინალური სითხეები) ახლო კონტაქტის შედეგად, ხოლო ჩვეულებრივი კონტაქტის შედეგად ინფიცირების შანსი ძალზე მცირეა.

სიმპტომები
ცმვ-ით ინფიცირებულ ბავშვთა მოზრდილთაგან ყველაზე ჯანმრთელთ სიმპტომები არ აღენიშნებათ და მათ შეიძლება არც კი იცოდნენ თავიანთი დაავადების შესახებ. სხვა შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სისუსტე, მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება და ჯირკვლების შეშუპება. მაგრამ ყოველივე ეს შეიძლება სხვა დაავადების სიმპტომებიც იყოს, ასე რომ, უმეტეს შემთხვევაში, ცმვ-თ ინფიცირებულმა ადამიანმა არც იცის თავისი დაავადების შესახებ. 

დიაგნოსტირება
ციტომეგალივირუსით ინფიცირების დიაგნოსტირება ხდება IგG (იმუნური სისტემის განსაკუთრებული პროტეინები) ანტისხეულებზე სისხლის ანალიზის საფუძველზე.  

მკურნალობა
მეცნიერები მუშაობენ ცმვ-ის ვაქცინაზე და ცდილობენ მონახონ რაიმე სხვა გზა კონგენიტალური (თანდაყოლილი) ცმვ-ს პროფილაქტიკისათვის. ამჟამად, არ არსებობს მკურნალობა ფეხმძიმე ქალებისათვის, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა ნაყოფის ინფიცირების თავიდან აცილება. არსებულ პრეპარატებს, რომლებიც ეფექტურია ცმვ-ს წინააღმდეგ, სერიოზული გვერდითი მოვლენები გააჩნია და არის მიღებული ფეხმძიმობის პერიოდში მკურნალობისათვის.

ცმვ შედის ჰერპერს-ვირუსების ოჯახში, რომელიც მოიცავს ჰერპეს სიმპლექს ვირუსებს და ვირუსებს, რომლებიც იწვევს ჩუთყვავილას (ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი) და ინფექციურ მონონუკლეოზს (ეფსტეინ-ბარის ვირუსი). ცმვ-ს აღმოჩენა შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის სითხეებში, მათ შორის შარდში, ნერწყვში, დედის რძეში, სისხლში, ცრემლში, სპერმასა და ვაგინალურ სითხეებში. მოხვდება რა ცმვ ადამიანის ორგანიზმში, იგი რჩება იქ სამუდამოდ.