რა არის სქესობრივი მომწიფება
ადამიანის ორგანიზმი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება. ეს ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როცა გოგონა ან ბიჭი მოწიფულობისაკენ პირველ ნაბიჯებს დგამს.
გოგონებს სქესობრივი მომწიფება ხშირად ბიჭებზე ადრე ეწყებათ (9-13წლის ასაკში), ბიჭებისთვის კი ნორმალურია, მისი 11-14 წლის ასაკში დაწყება. სქესობრივი მომწიფებისათვის მთელი ორგანიზმი წინასწარ ემზადება. თავდაპირველად, ტვინი და სასქესო ორგანოები იწყებენ მთელს ორგანიზმში შეტყობინებების გაგზავნას. ეს შეტყობინებები გადააქვს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ჰორმონები ეწოდება.
ჰორმონები ამზადებს ორგანიზმსა სქესობრივი სიმწიფისათვის. ჰორმონების ზემოქმედების ქვეშ, სხეული იწყებს ე.წ. მეორადი სქესობრივი მახასიათებლების განვითარებას. ისინი, პირველად სქესობრივ მახასიათებლებთან (თვით სასქესო ორგანოები) ერთად განიხილება, როგორც ქალისა და მამაკაცის განმასხვავებელი თავისებურებები.
ეს თავისებურებებია:
|
მამაკაცის
• თმის საფარი მუცელსა და მკერდზე • მოჭარბებული თმიანობა სხეულის სხვა ნაწილებზე • წვერ-ულვაში • საშუალოდ, ქალზე დიდი ხელის მტევნები და ტერფები • განიერი მხრები და მკერდი • თავის ქალისა და ძვლების უფრო მძიმე სტრუქტურა • უფრო დიდი კუნთოვანი მასა და ფიზიკური სიძლიერე • დაბალი ხმა • ცხიმის განლაგება უპირატესად მუცლისა და წელის გარშემო (ვაშლის ფორმა) • უფრო უხეში კანი |
ქალის
• მომრგვალებული, ფუნქციონალური სარძევე ჯირკვლები • მამაკაცებთან შედარებით, პატარა სიმაღლე • მხრებზე განიერი თეძოები • ნაკლები თმიანობა სახეზე • მეტი კანქვეშა ცხიმი • ცხიმის განლაგება ძირითადად თეძოებზე, ბარძაყებსა და დუნდულებზე (მსხლის ფორმა) • უფრო ნაზი კანი |
10-დან 20 წლამდე ასაკის ინდივიდები მოზარდებად ითვლებიან. მოზარდი უკვე აღარ არის ბავშვი, მაგრამ არც მოზრდილია. მოზარდობის პერიოდს ცვლილებათა მთელი წყება ახასიათებს – გარდა გარეგნობისა, იცვლება მოზარდის მსოფლმხედველობა, მისი ფსიქიკა, ემოციური მხარე. სქესობრივი გარდაქმნები გარკვეულ დისკომფორტს გიქმნით, თავს უხერხულად და ზოგჯერ მარტოხელად გრძნობთ.
მაგრამ, ეს ძალიან კარგი პერიოდია იმისათვის, რომ შეისწავლოთ თქვენი სხეული და გაიგოთ, როგორ ფუნქციონირებს თქვენი ორგანიზმი. ეს ასევე ხელსაყრელი მომენტია იმისათვის, რომ დაელაპარაკოთ თქვენს მშობლებს მათი გამოცდილების შესახებ. შეგიძლიათ გაესაუბროთ ექიმს და კითხოთ ის, რის კითხვაც გერიდებათ მშობლებისათვის.



