ამობეჭდვა

სექსუალობის განსაზღვრა

სექსუალობა და სექსი

სექსუალობას ხშირად სექსთან აიგივებენ. რა თქმა უნდა, ამ ორ სიტყვასა თუ მათ მნიშვნელობებს საერთო ნამდვილად აქვთ, მაგრამ სექსუალობა ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე სექსუალური გრძნობები თუ სქესობრივი აქტია. იგი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, საზოგადოებასა თუ ცალკეულ პიროვნებებთან ჩვენს ურთიერთობაზე.

სექსუალობა მოიცავს:

  • სექსუალურ მიმზიდველობას;
  • სხვა ადამიანთან განსაზღვრული ურთიერთობის წარმართვის სურვილს;
  • მამაკაცისა თუ ქალისთვის დამახასიათებელ გრძნობებს, ფიქრებს და ქცევას;
  • შეყვარებულობას;
  • სექსუალურ ინტიმს და ფიზიკურ სქესობრივ კავშირს.

    ადამიანის სექსუალობას განსაზღვრავს ის ფასეულობები და მაგალითები, რომლებსაც იგი ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ითვისებს. გარდა ამისა, მასზე უდიდეს გავლენას ახდენს გარემო და საზოგადოება ანუ ყოველივე ის, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ კი ქვეცნობიერად.

    ოჯახის წევრებს და მეგობრებს ჩვენთვის საუკეთესო სურთ და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გვიზიარებენ, მაგრამ ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხს თავად ვაგებთ, განსაკუთრებით - როდესაც საუბარია სექსსა და სქესობრივ კონტაქტზე. აუცილებელია, კარგად გავიაზროთ ეს და გავაცნობიეროთ ის მრავალი კომპონენტი, რომლებიც ჩვენს სექსუალობას აყალიბებს.

    ადამიანის სექსუალობა ზრდისა და აღმოჩენების უწყვეტი პროცესია. იგი ჩვენი პიროვნულობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენს შემდგომ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. ამის გაცნობიერება მეტად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. საკუთარი სექსუალობის გააზრება დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რას ვგრძნობთ და როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ თითოეულ ჩვენს გრძნობაზე.

    ძირითადი პუნქტი:
    სექსუალობა სექსზე გაცილებით მეტს ნიშნავს და უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების განვითარებაზე.